ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2019

ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

“144-კაციანი სია გენიალური რამაა კლანისთვის. 10-კაციანი ყვირის, ამ 144-ში კი უნდა ეძებო” - ძაბირაძე

* * *

ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

“ორ დღეში ერთმანეთის მიყოლებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქარველოში არსებულ ბიზნეს გარემოს კრიტიკულად აფასებენ. ავსტრიის და იტალიის დიპლომატები საქართველოს მედია საშუალებებთან საუბრისას აცხადებენ, რომ არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის განვითარებას აფერხებენ. რატომ დაიწყეს ელჩებმა ამაზე საუბარი და რა სახის სკანდალზე შეიძლება იმალებოდეს ამის უკან? აქვთ თუ არა მათ კონკრეტული მაგალითები და რატომ არ შეეცადნენ, რომ ეს პრობლემები სამუშაო რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებასთან განეხილათ? მმართველი გუნდის წევრები “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ელჩებმა უფრო უნდა დააზუსტონ რას გულისხმობენ და რა პრობლემებზე შეიძლება იყოს საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები გაუგებარია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ევროკავშირის წევრი ორი ქვეყნის ელჩი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

“ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია”, - ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ. “ავსტრიის ელჩის განცხადება მნიშვნელოვნად არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და კატეგორიულად მიუღებელია. თუ რაიმე გადაცდომა არსებობს, რაც ახასიათებს ევროპულ ქვეყნებს, აშშ-ს ამაზე საქართველომ, ხელისუფლებამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა მიიღოს, თუმცა მთავარი თემა რაც არის, ეს არის შეფასება და რეიტინგები, რომელიც გაცილებით უფრო კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე ნებისმიერი ელჩის მიერ შეიძლება იყოს წარმოდგენილი”,- განაცხადა გია ვოლსკიმ. ხოლო პრემიერი ბახტაძე კი იტალიის ელჩის კრიტიკურლი განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, თუმცა “ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის”. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. დიპლომატების აზრით, კი ორივე ქვეყანასთან სასწრაფოდ მიზეზების გარკვევა უნდა დაიწყოს, რატომ აკეთებენ მსგავს განცხადებებს ელჩები. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანასთან ურთიერთობა გაუფუჭდება, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ამბობს, რომ პირადად ავსტრიის მაგალითზე მათ მუდმივად საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება უწევთ, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. “სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას. ბოლოს მაინც ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში”, - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ კი განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომ ერთროულად ორი ელჩის კრიტიკული განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, თანაც ბიზნესზე უცნაურია. მისი თქმით, როგორც წესი, ასეთ ხმამაღლა განცხადებებს ელჩები საჯაროდ არ აკეთებენ და თუ რამე პრობლემაა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არკვევენ”, - განაგრძობს გამოცემა.

„პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ, რა გახდა ელჩების ამ განცხადების საფუძველი. ჩვეულებრივად, განსაკუთრებით დასავლეთის და ევროპის დიპლომატები საქართველოს მიმართ განსაკუთრებით დადებითად არიან განწყობილი. ხოლო მათი კრიტიკა ერთადერთ მიზანს - საქართველოში არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ გამოსწორებას ემსახურება. ფაქტია, რომ რაღაც შეცდომებთან გვაქვს საქმე. სასწრაფოდ უნდა გაირკვას რა ხდება და ყველა კითხვას, დაჩქარებულ ვადებში, მაქსიმალურად გამჭვირვალე პასუხები უნდა გაეცეს. არ გამოვრიცხავ, რომ ინფორმაციები მათ უშალოდ ბიზნესმენებისგან მიიღეს. არ არის გამორიცხული, რომ როგორც ავსტრიის, ასევე იტალიის კომპანიის წარმომადგენლებს აქ რაღაც პროცესი შეეხოთ, რამაც ასეთი ხმაური გამოიწვია. შეიძლება ეს იყოს ლეგალური თემები, ბიზნეს ინტერესები. უმრავი კავშირებია, სადაც რაღაც რომ გამწვავდეს, გასაკვირი არ არის. შესაძლოა რომელიმე მათი ქვეყნის ბიზნესმენებმა რაიმე პრობლემის მოგვარებისთვის საელჩოებს მიმართა. ალბათ ეს არ იყო ერთჯერადი სახის პრობლემა და ელჩებმაც ხმამაღალი განცხადებები არაერთი შემთხვევის შემდეგ გააკეთეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“ყველაფერთან ერთად სხვა საქმეა დიპლომატმა ასეთი ტერმინოლოგიები რამდენად უნდა იხმაროს. მართალია, მათ სალანძღავი და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უხმარიათ, მაგრამ კონკრეტულად ავსტრიის ელჩმა ძალიან უხეში ფრაზები გამოიყენა. ყველაფერი ამის გამოხატვა ბევრად უფრო საქმიან სიტუაციაში შეიძლებოდა და არა ასე ღიად, პირდაპირ ჟურნალისტებთან. არ ვიცი, ასე რატომ გააკეთეს, ესეც გასარკვევია და მათი ქმედებები რა მიზანს ემსახურება. ხომ შეიძლებოდა ამ პრეტენზიებით პირდაპირ იმ უწყებებისთვის, ან საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიემართათ, რომლებიც კომპეტენტურები იყვნენ? ჩემი კოლეგების ამ საქციელის ახსნა, როცა რიგი მიზეზები არ ვიცი, ძალიან მიჭირს”, - ამბობს, მენაღარიშვილი, რომლის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობები მართალია ამ ქვეყნებთან არ დაზაინდება და არ შეიცვლება, მაგრამ განწყობა და ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება შეილახოს. ყოფილი მინისტრი აზრით, თუ სიტუაციაში სწრაფად არ გავერკვიეთ, ამ ქვეყნებთან ნდობას ზიანი მიადგება, რაც ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც დასავლეთის მხადაჭერა ძალიან სჭირდება, დამაზიანებელი იქნება. ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ამიტომაც ამ დიალოგის გადადება დროში არ უნდა გაჭიანურდეს”, - დასძენს გამოცემა.

“ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნეს გარემო წინა წლებთან და წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებულია და ამაზე არავინ დაობს. მისი თქმით, ელჩების განცხადებები საკმაოდ უცნაური და გასაკვირია, რადგანაც ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს ბიზნეს-ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. ხუნდაძე ამბობს, რომ თუკი რამე ბიუოკრატიული ბარიერები არსებობს და ამას არც არავინ უარყოფს, ამის გამოსწორება შეიძლება. ხოლო ამისთვის ანალიზია საჭირო და არა ელჩების მხრიდან ნეგატიური შეფასებები. დეპუტატი ამბობს, რომ სიტუაციის გაუმჯობესებაზე ხელისუფლება უარს არასდროს ამბობს და ამის მცდელობა მუდმივად არის”, - წერს სტატიის ავტორი.

“ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო რამდენად არის ელჩების შესაფასებელი, ეს ჩემში ეჭვს იწვევს. ამისთვის ბიზნესასოციაცია არსებობს და ასეთი განცხადებები მათი მხრიდან უნდა გაკეთდეს. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ასეთი შეფასებები ძალიან გასაკვირია. არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესასოციაციის მხრიდან არ გამიგონია ასეთი შეფასებები და რაზე დაყრდნობით აკეთებენ დიპლომატები ამ განცხადებებს, თქმა მიჭირს. თუ ეს მათი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება, კი, ბატონო, დაგვიზუსტონ, გადამოწმებას წინ არაფერი უდგას. თუკი რაიმეა გამოსასწორებელია, ხარვეზია და ჩარევაა საჭირო, უარს არავინ იტყვის. ასე ზედაპირული საუბარი ცოტა გაუგებარი და დამაბნეველია. თუ მათ რამე კონკრეტული მაგალითები აქვთ, ამისთვის სამუშაო რეჟიმიც არსებობს და რატომ გახდა ამაზე ასე ღიად საუბარი საჭირო, ალბათ გასარკვევია. მე მაინც ორივე ელჩს მოვუწოდებ დააზუსტონ, რას გულისხმობენ და იქნება პრობლემის სათავეც ვიპოვოთ”, - აცახდებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძე.

“144-კაციანი სია გენიალური რამაა კლანისთვის. 10-კაციანი ყვირის, ამ 144-ში კი უნდა ეძებო” - ძაბირაძე

“ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი და როგორ მოუნდება მას თავის საჭადრაკო დაფაზე ფიგურების გადაადგილება... “ქართულ ოცნებაში” საკადრო პოლიტიკა საკმაოდ გაურკვეველია, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ თადუმაძე წავიდეს უზენაესის მოსამართლედ და შემდეგ იქნება თუ არა თავმჯდომარე, ეს კიდევ ცალკე თემაა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძე გაუშვან...” - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “144-კაციანი სია გენიალური რამაა კლანისთვის. 10-კაციანი ყვირის, ამ 144-ში კი უნდა ეძებო” - ძაბირაძე.

“პირადად მე ასეთი კითხვა - არის თუ არა ან ინტერესთა კონფლიქტი, რომ მოქმედი მთავარი პროკურორი, რომელიც ახლახანს დაინიშნა და 10-წლიანი ვადა აქვს, უზენაესში უვადო მოსამართლეობას გეგმავს - არ მიჩნდება, იმიტომ, რომ, სრულიად გაურკვეველია როგორ ხდება კადრების შერჩევა. სამართლებრივად რა პრობლემაა, თუ პროკურორი გადავა მოსამართლედ. ზოგადად, ჩამოყალიბებული არ არის არანაირი პრინციპი, თქვენ წარმოიდგინეთ მმართველ გუნდში გააზრებულიც არ არის, საპარლამენტო მმართველობაში როგორ უნდა მოხდეს მთავრობის ფორმირება. ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ეს მხოლოდ ფორმალობაა და პარლამენტს ვინ ეკითხება ან მთავრობის შემადგენლობის ან პრემიერის დასახელებას? და ა.შ. ერთია კონსტიტუცია, რომელიც გვიდევს სადღაც და მეორეა ადამიანი, რომელიც ცვლის კონსტიტუციასაც, სისტემასაც და ყველაფერს, რისი შეცვლაც სურს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დემოკრატიისთვის პრობლემაა ის, რომ ქვეყანა კონსტიტუციით არ იმართება. მთავარი პრობლემა არის ეს. გადაწყვეტილებას პარლამენტი და პრემიერი უნდა იღებდნენ და ამ დროს გადაწყვეტილებას იღებს პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი, ამ დროს კონსტიტუციაში პარტიის თავმჯდომარეზე საერთოდ არაფერი წერია. როცა მთავარი პრინციპი ირღვევა და როცა კონსტიტუცია ხდება ფორმალური, ამის შემდეგ გენერალური პროკურორი უზენაეს სასამართლოში თუ წავა, ეს ჩვეულებრივი ამბავი ხდება. როდესაც ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტები, არამედ პიროვნებები, მაშინ ყველა უზენაესი ხელისუფალი ყველგან ძალიან სანდო, ერთგული ხალხის ძებნას იწყებს - შინაგან საქმეთა მინისტრად, სასამართლოს თავმჯდომარედ და ყველგან. სხვა მეთოდი არ მუშაობს... ივანიშვილი, მაგალითად, მურუსიძეს როგორ უნდა ენდოს?! შეიძლება ივანიშვილი ასეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ენდოს ადამიანს, ვინც გუშინ სააკაშვილს ემსახურებოდა?! კი, დღეს მისი მსახურია, მაგრამ თუკი დაინახავს, რომ სააკაშვილი მოდის, ისევ სააკაშვილს მოემსახურება და შეიძლება ასეთი ტიპის პიროვნებას ენდო?!” - დაასკვნის ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ახლა წარმოდგენილია მოსამართლეობის 144 მსურველი და როგორ ფიქრობთ, კლანი ისევ გაიყვანს თავის ფავორიტებს?” - პასუხობს:

“ ეს 144-კაციანი სია გენიალური რამაა კლანისთვის. 10-კაციანი ყვირის, ამ 144-ში კი უნდა ეძებო. უფრო ადვილია გაანეიტრალო ფიგურები, თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ პარლამენტი მაინც იმას დაუჭერს მხარს, ვინც წინასწარ შეთანხმებულია. შერჩევის პროცესში დიდ ხმაური იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე შედეგი იყოს”

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს