ირინა აბულაძე - განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე, რომ მთლიანობაში განვითარებული მოქალაქე გვყავდეს

განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ მთლიანობაში განვითარებული მოქალაქე გვყავდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აბულაძემ განმარტა, დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.

მისივე თქმით, ფიზიკის კანონები, მათემატკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა გაიაზრონ და გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან დააკავშირონ.

„ცხადია, ამაში არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე დისციპლინას ნაკლები მნიშვნელობა ექნება ან აღარ გახდება საჭირო კონკრეტული თეორიული ცოდნის მიცემა. ცხადია, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში დევს და ჩვენთვის პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ესენია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგები, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში. დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია მივცეთ მოსწავლეს თეორიული ცოდნა და მეორე - მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ხშირად ვამბობთ, რომ მარტივ მოვლენებს ვერ ხსნიან მოსწავლეები, მაგალითად, რატომ დგას მაგიდა იატაკზე და რატომ არ იწევა ჰაერში, ან რატომ დაფრინავს თვითმფრინავი, რა ხდება ამ დროს“, - აღნიშნა აბულაძემ.

მისივე თქმით, ერთია ვასწავლოთ ახალგაზრდებს ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა.

„ფიზიკის კანონები, მათემატკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან. განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება სწორედ საგნობრივ კავშირებზე, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს განვითარებული მოქალაქე მთლიანობაში. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთია ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა“, - განაცხადა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებისას განაცხადა: „21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული. აქვს საკუთარი ზემოქმედების პოზიტიური თუ ნეგატიური ქმედებების გააზრების შესაძლებლობა და ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოებში ბევრი მიმართულებით იყოს ეს საკითხები“, - აღნიშნა აბულაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა