მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა მუქარისშემცველ გზავნილებს იღებს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი დღეა ის მუქარისშემცველ გზავნილებს იღებს. მაჩალიკაშვილი „ფეისბუქზე“ განცხადებას ავრცელებს და მისთვის გაგზავნილ სხვადასხვა სახის გზავნილებს პასუხობს. მაჩალიკაშვილი ყველა გზავნილის ავტორებს მიმართავს და აცხადებს, რომ რა ბინძური მეთოდებითაც არ უნდა ებრძოლონ, არაფერი არ გამოუვათ.

„წუხელ და დღეს მოლოცვაზე მეტი მომდის ან მუქარა ან სხვა მაგდაგვარი. რა სიბინძურითაც არ უნდა იმოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ არაფერი გამოგივათ, ტყუილად თქვენს ფანტაზიებს ნუ აყვებით და ნუ მწერთ, რომ მე „ნაციონალებს“ შევეკარი. მე იმ ადამიანებს ვემხრობი, არ აქვს მნიშვნელობა ის „ნაციონალია“ თუ ნებისმიერი პოლიტიკური თუ დამოუკიდებელი ადამიანი, მე ყველას დავუჭერ მხარს, ვინც კი იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე არავინ არ მიყენებს და თუ ვინმე მიყენებს, ამის უფლებას მე ვაძლევ. იძახიან, ვახას რომ არ დაეჭირა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის მხარი, ვიღაცები დაისჯებოდნენ, თუნდაც ის წყეული სპეცრაზმელი. როგორ? სამი-ოთხი წლით? არა ბატონებო, ეს ჩემთვის ძალიან ცოტაა, ზღვაში წვეთია, მე ძალიან ბევრს ვითხოვ და დარწმუნებული ვარ, ღმერთის ძალით მივაღწევ. ყველაფერს გავაკეთებ ამ სისტემის ნგრევისთვის და მჯერა ეს სულ მალე მოხდება.

მე ამ ბრძოლის დაწყების წინ განვაცხადე, რომ თუ დამჭირდა ეშმაკსაც შევეკვრები, თემირლანის სისხლი არავის შერჩება. ეს სისტემა დაინგრევა, უმცირესობაში აღმოჩნდებით ივანიშვილის მონები.

მე შვილი, მძინარე, თავის საწოლში მომიკლა სახელმწიფომ! ის ქუჩაში, ჩხუბში არ მოუკლავთ ან კრიმინალურ გარჩევებში, თუნდაც იარაღით ხელში. არ შეგრჩებათ!“, - წერს მაჩალიკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო