ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი - თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა

თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ზარდიაშვილმა საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

ანალიტიკოსის თქმით, დაგროვებით საპენსიო სქემას ალტერნატივა არ აქვს. ზარდიაშვილი წარსულის გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ წლების წინ სახელმწიფო არასტაბილური იყო, ამიტომ დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადასვლა ვერ მოხერხდებოდა.

„ეს ფონდი საიმედოა, რადგან მის უკან დგას სახელმწიფო. ამდენად, თუ სახელმწიფოს ენდობი, მაშინ საპენსიო ფონდსაც უნდა ენდო, ხოლო, თუ სახელმწიფოს არ ენდობი, არც სიბერე გაქვს გარანტირებული და არც ახალგაზრდობა. შევარდნაძის დროსაც იყო ამის მცდელობა, იმ პერიოდში სოციალური გადასახადი შემოიღეს, რომ ამით პენსიები დაფინანსებულიყო. ეს იყო წინარე ნაბიჯი და ამას უნდა მოჰყოლოდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ძალიან სუსტი სახელმწიფო გვქონდა, კორუფცია ჭამდა და ხრავდა ყველაფერს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება მაშინდელი და ახლანდელი საქართველო. სხვათა შორის, სააკაშვილსაც შეეძლო ეს გაეკეთებინა, რადგან სტაბილიზაციას მან ასე თუ ისე მიაღწია, მაგრამ სააკაშვილმა არ ისურვა ამის გაკეთება ვითომ ფსევდოლიბერალური ეკონომიკის გამო. ამით დრო გაიფლანგა და დაიკარგა. ახლა რაც გვაქვს, ამას პენსიაც არ ჰქვია, ეს არის სოციალური დახმარება მოხუცებულობის გამო. ამით ვერ იცხოვრებ, ძალიან ბევრი ადამიანი პენსიის გარდა არანაირ სხვა შემოსავალს არ ფლობს და მძიმე დღეშია“, - აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ანალიტიკოსმა პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა მისთვის ნებაყოფლობითია, სქემაში რჩება და დაგროვებას განაგრძობს. მისივე განმარტებით, საპენსიო ფონდს ახალგაზრდებისთვის გაცილებით მეტი ეფექტი ექნება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა