განათლების კომიტეტის შეფასებით, ახალი რეგულაციების შემოღება სასკოლო ექსკურსიებს გააძვირებს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის შეფასებით, სასკოლო ექსკურსიების რეგულაციებთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები ექსკურსიების გაძვირებას გამოიწვევს.

დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, მხარი დაუჭირა, თუმცა გამოთქვა შენიშვნები, რომელზეც კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ისაუბრა.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის, რომელიც სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, დადგენილია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც კომიტეტის შეფასებით, სასკოლო ღონისძიებისათვის შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძიებას გაართულებს. როგორც პროექტის საკომიტეტო განხილვისას მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საეჭვოა ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების შერჩევა, რომელიც შიდა და გარე ხედვის კამერებით იქნება აღჭურვილი.

მისივე აზრით, კითხვის ნიშნებს აჩენს მძღოლისათვის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება, თან იმ პირობით, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

“ასეთი პრობლემა ძირითადად რეგიონებში იქნება. ადგილებზე გაჭირდება ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მძღოლის მოძიება, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ წესებს. მძღოლებს ხშირ შემთხვევაში მოუწევთ ნარკოლოგიური ცნობის ასაღებად თბილისში ჩამოსვლა. აღნიშნულმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გააძვიროს ასეთი ღონისძიებების მომსახურების საფასური“, - ითქვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში.

სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეების გადაყვანას უზრუნველყოფს, ვალდებულია იქონიოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილ უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმაქრითა და პირველადი დახმარების ჩანთით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით.

მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი 500 კილომეტრს აღემატება, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ასევე სათადარიგო მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას იქონიოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომლითაც არ დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებები იგეგმება “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსშიც“, რომლის გათვალისწინებით, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება უზრუნველყოს.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან: ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი.

პროექტი კომიტეტს დავით მათიკაშვილმა გააცნო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს