საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ბენეფიციარებს შეხვდა.
შეხვედრა გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ირინე ჩიხლაძის და ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის ქართველი მონაწილეების ორგანიზებით გერმანიის პარლამენტში გაიმართა.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს და ბუნდესტაგის სტიპენდიანტებს შორის შეხვედრის თემას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის გამოწვევები და პერსპექტივები წარმოადგენდა.
ელგუჯა ხოკრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
გერმანიაში საქართველოს ელჩის განცხადებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დასახულ რეფორმებს. ელჩის განცხადებით, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, შეთანხმებები თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შესახებ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად მოხდეს პრინციპის - „მეტი მეტისთვის“ გამოყენება ცალკეული ქვეყნების მიერ მიღწეული წარმატებების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას გერმანიის ბუნდესტაგი 1986 წლიდან მსოფლიოს 44 ქვეყანასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ძირითად მიზნებია გერმანიას და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.
ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.