კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

დღეს, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 5 ივნისს, 18.00 საათზე, კომედიის საერთაშორისო მეექვსე თეატრალური ფესტივალი გორის კულტურის ცენტრის წინ მოედანზე, საზეიმო მსვლელობით გაიხსნება, ხოლო 20:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი ,,მეფე მოკვდა“ იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა და მისი სლოგანია „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“.

„ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე, გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების გამართვას. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. უკვე რამდენიმე წელია კომედიის ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და გორში სტუმრობა სხვადასხვა ქვეყნის დასებმაც შეძლეს. 2018 წელს კი საქართველოს კომედიის ფესტივალი საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა.

ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრის რეპერტუარს, ასევე, მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად, ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ, რომლის გაცნობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. წერილები ელექტრონული ვერსიის სახით ერთ ბუკლეტად გამოქვეყნდება“, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, კომედიის ფესტივალი 5 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, გორის, ქუთაისის, რუსთავის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის თეატრის დასები.

ფესტივალი საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით იმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა