ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2019

3 მაღალჩინოსანი და რამდენიმე მოზარდი - კიდევ ვინ შეიძლება დააკავონ ხორავას ქუჩის საქმეზე

იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა

* * *

3 მაღალჩინოსანი და რამდენიმე მოზარდი - კიდევ ვინ შეიძლება დააკავონ ხორავას ქუჩის საქმეზე

“წელიწადნახევრიანი ლოდინის შემდეგ, გამოძიებას დავით სარალიძის მკვლელობაში ორი ბრალდებული ჰყავს. 5-ჯერ შეცვლილი ჩვენების შემდეგ პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმედ ცნობილი მიხეილ კალანდია, რომელსაც ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებდა, დაკავებულია. ვინ იქნება შემდეგი და როგორ შეიძლება სარალიძის მკვლელობის ირგვლივ საქმის გამოძიება რადიკალურად შეიცვალოს და ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. შეიძლება თუ არა პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სხვა მოზარდები, ასევე მაღალი თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი პირები, რომლებიც ხორავას მკვლელობის საქმეს იძიებდნენ?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 3 მაღალჩინოსანი და რამდენიმე მოზარდი - კიდევ ვინ შეიძლება დააკავონ ხორავას ქუჩის საქმეზე.

“კალანდიას ბიძა, მირზა სუბელიანი, რომელიც სასჯელს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იხდის, საპყრობილეს ერთ თვეში დატოვებს. არ არის გამორიცხული, რომ კალანდიას დაკავების შემდეგ, ის პასუხისგებაში ხელხლა მისცენ. სავარაუდოდ, გამოძიება უკვე დაინტერესებულია და გამოყოფილი საქმის ფარგლებში იკვლევს გამომძიებელ-დეტექტივ ირაკლი ფიფიას და საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის მონაწილეობას. ასევე არ არის გამორიცხული გამოძიებამ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე მოზარდი მისცეს და მათ შორის ცალკე სასულიერო პირის შვილის მონაწილეობით დაინტერესდეს, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს დაიჭრა. ხორავას ქუჩის გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა დიღმის ტრასაზე აიყვანეს სავარაუდოდ მაშინ, როდესაც კალანდია ქალაქის დატოვებას ცდილობდა. კალანდიას ბრალი სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ედება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით - ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, კალანდია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არასანდო მოწმედ იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს ხორავას საქმეზე განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ “ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად”. განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის პროკურორმა არ უპასუხა კითხვას - დაიწყებოდა თუ არა სამართლებრივი პროცედურები მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ, რომლის დაკავების რეკომენდაციაც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გასცა. თუმცა, შს სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს აღწერილობისა და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების გათვალისწინებით უწყება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებს და აუცილებლად იმსჯელებს, შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე”, - განაგრძობს გამოცემა.

“მიხეილ კალანდიას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს”, - ამის შესახებ დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს. როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს. კალანდიას მამა თენგიზ კალანდია კი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული. “ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს “რუსთავი 2”- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს”, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას. მიხელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძემ მედისთან პირველი კომენტარი გააკეთა. სარალიძე ამბობს, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ კალანდიას უახლოეს დღეებში დააკავებდნენ. მისი თქმით, მას შსს-თან მუდმივი კავშირი აქვს და არ გამორიცხავს, რომ საქმის ირგვლივ დამნაშავე პირთა წრეც გაფართოვდეს. სარალიძე ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და წინ კალანდიას სასამართლო პროცესია. ასევე იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ელოდება, რომლებიც საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ”, - დასძენს გამოცემა.

“ფაქტობრივად, ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი, თუ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას და შეეცდება თუ არა მის ე.წ. გაპრავებას. დაველოდოთ მოვლენებს. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ განმეორდეს. ვნახოთ, როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები, რატომ მოხდა ეს ასე და რატომ გაჭიანურდა გამოძიება. იქ არიან კიდევ დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული, როგორც არასრულწლოვნებმა ისე სრულწლოვნებმა. ამიტომაც ამ გამოძიებასაც დაველოდები და ვნახოთ რა იქნება. სამართლიანობა მანამდე აღდგენილი არ იქნება, სანამ ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება”, - აღნიშნა სარალიძემ. ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია საგამოძიებო უწყებას მათ მიაწოდეს. კაპანაძე ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არსებობს მოლოდინი, რომ პასუხისგებაში კალანდიას შემდეგ ირაკლი ფიფია, მიხეილ ფხაკაძე და მირზა სუბელიანი მიეცემიან. დეპუტატი აცხადებს, რომ კომისიის გამოძიების ფარგლებში მათ ამ საქმესთან შემხებლობაში 10-მდე პირის ვინაობა გამოკვეთეს, რომლებიც საქმის გაყალბების ფართო წრეს წარმოადგენდნენ. ამიტომაც ამ ადამიანების დაკითხვა და გადამოწმება უნდა მოხდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ახლა, კალანდიას დაკავების შემდეგ, შსს-ს მთავარი ტესტი იქნება, თუ ფიფიასთან, ფხაკაძესთან და სუბელიანთან დაკავშირებით საქმეს რა სახის მსვლელობას მისცემენ. ახლა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც ეს საქმე გააყალბეს; ასევე დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც კალანდიას ქმედებებს ურცხვად აპრავებდნენ. საგამოძიებო კომისიამ კალანდიას გარდა დააგინა 10 ადამიანის ვინაობა, ვისი ქმედებებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. მათი ქმედებები საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გაანალიზებული და შეფასებული უნდა იყოს, ამის შემდეგ კი მათ ბრალი უნდა დაედოთ. საქმეში იყო რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ცრუ ჩვენებებს ჰქონდა ადგილი. ამ კუთხითაც დ.ღ-ს გარდა, რომელსაც ბრალი უკვე ამ მუხლით დაუმტკიცდა, სხვებსაც წაეყენოთ და კარგი გაკვეთილი იქნება. თუმცა, პრიორიტეტების მიხედვით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამყალბებლების დაკავება მოხდეს. რაც შეეხება სასულიერო პირის შვილს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ მოვიპოვეთ, რომ მის შესახებ რამე კონკრეტული გვეთქვა, თუმცა, მოზარდი ამ ჩხუბის დროს დაიჭრა. ამიტომაც ჩვენი მოთხოვნა ამ ფაქტის გამოძიება იყო, რომელმაც შეიძლება სხვა კვალზეც გაგვიყვანოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი კაპანაძე.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ზაზა სარალიძის უფლებებს სასამართლოში იცავს, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო. მისი თქმით, სასამართლომ საგამოძიებო უწყებას პირდაპირ მოუწოდა, რომ გ.ჯ.-ს შემდეგ სასწრაფოდ დაედგინა მასთან ერთად კიდევ ერთი დანაშაულის ჩამდენი პირი. საქმის მასალების მიხედვით კი ასეთი პირი, რომლის მიმართაც უკვე დიდი ხანია ლოგიკური კითხვები არსებობს, მიხეილ კალანდია იყო. “ჩვენი ორგნიზაცია სარალიძის ინტერესებს კალანდიას საქმის შემთხვევაშიც დაიცავს და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. ასევე დიდი ინტერესით ახლა უკვე გამოყოფილი საქმის გამოძიებას ველოდებით, სადაც კალანდიას დაკავების შემდეგ, იმ პირების ვინაობა უნდა გამოიკვეთოს, ვინც სავარაუდოდ, სამოხელეო სახის დანაშაული ჩაიდინეს და საქმის გაყალბებას ან ხელი შეუწყეს ან კიდევ უბრალოდ არ შეუშალეს. კალანდია იყო ჩხუბის მთავარი მონაწილე და ახლა უკვე გაირკვევა ამ ჩხუბში და სარალიძის მკვლელობაში კიდევ არიან თუ არა დამნაშავე პირები. გამორიცხული არაფერია, რადგანაც დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი”, - აცხადებს ცქიტიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ “კალანდიას და გ.ჯ.-ს გარდა შესაძლოა, სხვა დამნაშავეებიც იყვნენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა

“რას უკავშირდება პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ბრიუსელში და შეხვდა თუ არა ბახტაძე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის? მამუკა ბახტაძის გამოჩენამ ბრიუსელის იმ სასტუმროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იყო დაბინავებული, თბილისში სპეკულაციები გამოიწვია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრას, დიდი ალბათობით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ცდილობს და ასე ჩუმად შეხვედრა კომიკური და სამარცხვინოა. ხოლო “ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს არა აქვს ის წონა, რომ ბახტაძე მასზე სალაპარაკოდ ბრიუსელში ჩადიოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იყო თუ არა ზელენსკი-ბახტაძის საიდუმლო შეხვედრა / რამდენად სარწმუნოა, რომ საქართველოს პრემიერი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ერთი თვით ადრე აღსანიშნავად ბელგიაში ჩავიდა აშშ-ის ელჩის მიწვევით?

“ბახტაძისა და ზელენსკის სავარაუდო ფარულ შეხვედრაზე ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა, როცა არხის კორესპონდენტი შუადღისთვის ზელენსკის ჩასაწერად მივიდა სასტუმროში და იქ მოულოდნელად უკანა შესასვლელთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის კორტეჟი დაინახა. ტელეკომპანიის ცნობით, ყველა ვიზიტის შემთხვევაში მთავრობის აპარატი მედიას რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებს ხოლმე; ასევე მთავრობის მეთაურის კორტეჟი, როგორც წესი, წინა გასასვლელით სარგებლობს. ამიტომაც ამ ყველაფერმა კითხვები გააჩინა. არხის თქმით, როგორც ჩანს, ბრიუსელში ჩასვლა მოულოდნელად დაიგეგმა და ბახტაძე ზელენსკისთან ფარული შეხვედრის ორგანიზებას შეეცდება, თემა კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ან მის მაღალ თანამდებობაზე არდანიშვნას შეეხება. შეხვდა თუ არა ზელენსკი მამუკა ბახტაძეს - ეს კითხვა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა სასტუმროდან გამოსულ უკრაინის პრეზიდენტს დაუსვა, რაზეც ზელენსკიმ მოკლედ უპასუხა, რომ ის ბახტაძეს არ შეხვედრია. “არა, თქვენი პრემიერი არ მინახავს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის უკრაინაშია”, - განაცხადა ზელენსკიმ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძე და ვლადიმერ ზელენსკი ბრიუსელში, ერთსა და იმავე სასტუმროში იმყოფებიან, თუმცა მათ შორის შეხვედრა არ მომხდარა და ამგვარი შეხვედრა არც ყოფილა დაგეგმილი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საბანაძის განმარტებით, 4 ივნისს ბრიუსელში ამერიკის ელჩი დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას მართავს და პრემიერი ჩამოვიდა, რადგან მოწვეულია ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. “დამოუკიდებლობის აღსანიშნავი მიღება, როგორც წესი, იმართება 4 ივლისს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, იმართება 4 ივნისს. პრემიერ-მინისტრი სპეციალური მოწვევით ბრიუსელში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ზელენსკის, ეს მისი პირველი ვიზიტია ბრიუსელში, თუმცა რა თემაზე, არ ვიცი”, - ამბობს საბანაძე. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ საღამოს მიღებაზე საქართველოს პრემიერი და უკრაინის ლიდერი ერთმანეთს შეხვდნენ. ბახტაძის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ მგონია მიხეილ სააკაშვილი იყოს იმდენად აქტუალური, რომ მის გამო სადღაც, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებოდნენ ერთი ქვეყნის პრემიერი და მეორე ქვეყნის პრეზიდენტი. ასე ნუ ავწევთ მიხეილ სააკაშვილის წონას, რომელიც პრინციპში საერთოდ არ აქვს”, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბახტაძისა და ზელენსკის სავარაუდო შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, კობახიძის განცხადებით, თუ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა, ეს მხოლოდ დადებით კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული. “სამწუხაროდ, მე ინფორმაცია არ მაქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალბათ, მთავრობის წარმომადგენლები გაგცემენ პასუხს. თუ საერთოდ შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია. მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან”, - დასძენს კობახიძე. ოპოზიციას კი არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ასე ჩუმად აშშ-ის ელჩის მიღებაზე გაფრინდა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში კომიკურია. ჯობს ჩუმად იყოს წასული ზელენსკისთან შესახვედრად”, - დასძენს გამოცემა.

“ის, რომ პრემიერ-მინისტრი ელჩის მიღებაზე ბრიუსელში გაფრინდა, თავისთავად იმდენად აბსურდი და იმდენად კომიკურია, რომ ამას ნამდვილად სჯობია, რომ მართლაც ზელენსკისთან ჩუმად შესახვედრად იყოს მისული იმ სასტუმროში”, - ამბობს ბაქრაძე. “ნაცმოძრაობის” წევრ რომან გოცირიძის თქმით კი, ხელისუფლებას ეშინია მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის. ამიტომაც გამორიცხავს, რომ მამუკა ბახტაძეს ზელენსკისთან შეხვედრის შემთხვევაში სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ბახტაძე უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას თუ შეძლებდა, საუბრის თემა სააკაშვილის შესაძლო თანამდებობას შეეხებოდა. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია, ზელენსკიმ სააკაშვილი ოფიციალურ თანამდებობაზე არ დანიშნოს”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო