დავით ზალკალიანი - საქართველოსთან ერთად დევნილების თაობაზე რეზოლუცია 44-მა ქვეყანამ დაასპონსორა და ამით ამ რეზოლუციას დამატებითი მნიშვნელობა და წონა ენიჭება

საქართველოსთან ერთად დევნილების თაობაზე რეზოლუცია 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა და ამით ამ რეზოლუციას დამატებითი მნიშვნელობა და წონა ენიჭება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროში "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღების შეფასებისას განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, რეზოლუციის მხარდაჭერა ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებაა. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას.

„ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი დიპლომატიური სამსახურის და კორპუსის მიმართ, რომლებმაც მართლაც ბევრი იმუშავეს, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა მომხდარიყო. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო იმ პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი ამ მხარდაჭერის მობილიზაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი სიახლე წელს გახლავთ ის, რომ პირველად ჩვენ ეს რეზოლუცია თანასპონსობისთვის გავხსენით და საქართველოსთან ერთად ეს რეზოლუცია 44-მა წევრმა ქვეყანამ დაასპონსორა. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან 45 წევრი ქვეყანა იძენს ამ რეზოლუციას, როგორც საკუთარს და ამით ამ რეზოლუციას დამატებითი მნიშვნელობა და წონა ენიჭება.

რეზოლუცია თავისი შინაარსითაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც ხაზს უსვამს ისეთი ფუნდამენტური უფლების განხორციელებას, როგორიცაა საერთაშორისო სამართლის ისეთი პრინციპის, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდნენ და ასევე ჰქონდეთ წვდომა საკუთრებაზე, რომლებიც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ.

ასევე აღნიშნულია, რომ მიუღებელია ძალადობრივი გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელება და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არის მოწოდება ჟენევის მოლაპარაკებების წარმომადგენლებზე, რომ მუშაობა გააქტიურონ ამ ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ამ რეზოლუციას, გარდა იმისა, რომ აქვს უაღრესად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, პრაქტიკული თვალსაზრისითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ის ავალდებულებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად წარმოადგინოს ანგარიში და ამ ანგარიშში განსაზღვრულია ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას გაეროს ინსტიტუტების მხრიდან, იმისთვის, რომ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს შეუმსუბუქდეს მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას მომავალშიც, რათა საქართველოს საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში ძალიან მაღლა დაყენებული.

4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. გაერომ მორიგი რეზოლუცია 79 ხმით 15 წინააღმდეგ მიიღო. 57-მა წევრმა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 16-მა ქვეყანამ მისცა, 62-მა კი თავი შეიკავა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში