ელენე ხოშტარია - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებაზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოვკვეთეთ

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამრუდებზე 11 ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოვკვეთეთ საგამოძიებო კომისიამ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მან ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ და აღნიშნა, რომ კალანდიას დაკავება და ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯებია.

„როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, მინდა, გამოვეხმაურო როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე, კალანდიას დაკავებას. ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია ჯგუფურ მკვლელობაში მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, მისი დაკავება. სამწუხაროა, რომ 8 თვე დასჭირდა იმის გაკეთებას, რაც უკვე ნათელი იყო კომისიის მუშაობის შედეგად და უბრალოდ, რაღაც კინკლაობის გამო არ მოინდომეს, კომისიის დასკვნის მიხედვით ემოქმედათ და ზუსტად იგივე გააკეთეს 8 თვის შემდეგ, თუმცა ეს ძალიან მნიშნელოვანი და სწორი ნაბიჯია. ამასთანავე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს საქმე იყო შეკერილი, გამრუდებული და ამ საქმეში ხელს აფარებდნენ კონკრეტული ინტერესების გამო კონკრეტულ ადამიანებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქმის გამრუდებაზე არიან სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი პირები. თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი, კომისიამ თავის დროზე ძალიან მკაფიოდ დაასაბუთა და ჩამოწერა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, აქ არის ლაპარაკი 11 ადამიანის კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

მანვე ისაუბრა კონკრეტული მაგალითების შესახებ და დაასახელა რამდენიმე პირი, რომელთაც მისი თქმით, საქმის გამრუდებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„მაგალითად, გენერალური პროკურორი შოთაძე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად არის პასუხისმგებელი, რადგან მან იცოდა კონკრეტული გამრუდებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ: რომ არ ამოიღეს ტანსაცმელი კალანდიასი, არ ამოიღეს ამ ადამიანების მიმოწერა და ამან ხელი შეუწყო საქმის გამრუდებას; მეორე, მან ასევე იცოდა მირზა სუბელიანის ფაქტორის შესახებ ამ დანაშაულის პირველივე დღეს და არათუ არ მოითხოვა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები, არამედ, ბოლომდე ხელს აფარებდა მას. ასევე, შოთაძემ საზოგადოებას გამიზნულად მოატყუა ექსპერტიზის დანაზე დნმ-ს არსებობის თუ არარსებობის შესახებ მაისში.

მეორე მაგალითია ზვიად ფხაკაძე, მთავარი მოქმედი პროკურორი, რომელსაც მიჰყავდა ეს საქმე. ეს ადამიანი პირდაპირ იყო წარმოდგენილი გამყალბებელ პროკურორად, რომლის მთავარი ფუნქციაც იყო კალანდიაზე ხელის დაფარება. ის მაგალითად, კომისიაზე იძახდა, რომ კალანდია ურტყამდა სარალიძეს, მაგრამ ეს იყო გაშველებაო. ასევე, ატყუებდა კომისიას და მათ შორის, სასამართლოს, რომ ვითომ, კალანდია იყო არა ფარდულში, არამედ, 9 მეტრის მოშორებით. ეს პროკურორი ცრუ ჩვენებებს იძლეოდა კომისიაზე, სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელია ამ საქმის გამრუდებაზე და ეს არის დასაბუთებული კომისიის დასკვნაში. ამას გარდა, მისი კურატორი პროკურორები, გაბოძე, გაბიტაშვილი, კაპანაძე - ესენი არიან ადამიანები, ვინც ისმენდნენ მოხსენებებს ამ საქმეზე და უბრალოდ, თვალს ხუჭავდნენ და ესეც არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მთლიანობაში 11 ადამიანის პასუხისმგებლობა გამოვკეთეთ, ეს არის არა ჩვენი სიმპატია-ანტიპათიის, არამედ, სამართლებრივად დასაბუთებული პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების მიმართ, ვინც ამდენი ხანი ხელს აფარებდა ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს