პარლამენტის დელეგაცია აშშ-ს კონგრესში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს,დელეგატები კონგრესის წევრებს: სტივ ვომაკს, ბარბარა ლის, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარეს დევიდ ფრაის და დინა ტიტუს შეხვდნენ. კონგრესის წევრებმა ქართველ დელეგატებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება საკომიტეტო საქმიანობაზე, ასევე დეტალურად გააცნეს, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო მექანიზმები.

ამასთან, შეხვედრებზე, ამერიკელმა კოლეგებმა დააფიქსირეს საქართველოს სრული მხარდაჭერა და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დელეგაციის წევრები კონგრესის კვლევითი სამსახურის (CRS) ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ქართველი პარლამენტარები გაეცნენ კვლევითი სამსახურის საქმიანობას და ასევე იმას, თუ როგორ იყენებს ამ სამსახურის სერვისებს აშშ-ს კონგრესი თავის საქმიანობაში.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სენატორ რიჩარდ დურბინის ოფისის წარმომადგენელს შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საბიუჯეტო კანონები, მოსამართლეების წარდგენა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის კენჭისყრის პროცედურა და სენატის რეგლამენტის ზოგადი წესები მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით.

ქართველმა პარლამენტარებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში: ინოვაციური პარლამენტი - გარე ექსპერტების როლი. საუბარი გაიმართა თემაზე, თუ როგორ ქმნიან გარე ჯგუფები საკანონმდებლო ინოვაციებს, რათა მხარი დაუჭირონ 21-ე საუკუნის პოლიტიკის შექმნას, ამომრჩევლების ჩართვასა და საჯარო ზედამხედველობას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: OpenGov Foundation ფონდის, TechCongress და - Sunlight Foundation ჯგუფების წარმომადგენლებმა.

შეხვედრები გაიმართა ვაშინგტონის სასამართლოს ფედერალურ მოსამართლესთან, ტომას გრიფიტთან და უზენაესი სასამართლოს სხვა წარმომადგენელებთან, სადაც საუბარი შეეხო კონგრესის და სენატის როლს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენაში. ფედერალური მოსამართლეების დანიშვნის პროცედურის თაობაზე, აგრეთვე სასამართლოსა და კონგრესის ურთიერთობის თემებზე დამატებით შეხვედრები კვირის განმავლობაში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები, ასევე შეხვდნენ მედიის, კერძოდ: Washington Post-ის და National Public Radio წარმომადგენლებს. მხარეებმა ისაუბრეს პრესის როლზე კონგრესის ზედამხედველობით ფუნქციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კოვზანაძე, აკაკი ზოიძე, კახაბერ კუჭავა, ანრი ოხანაშვილი, ოთარ დანელია, გიორგი კახიანი, ნინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს