გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, ბევრი ცრუ ინფორმაცია აქვთ გავრცელებული

არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება ეს სხვა განაცხადებშიც მოხდეს. ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს, - ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის განაცხადი კანონდარღვევით შეავსო და 2 რეკომენდატორის ნაცვლად 3 მიუთითა.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობისთვის შესაბამისი განაცხადი აბსოლუტური სიზუსტით შეავსო და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადება, სასაცილოა. მიქაუტაძის განმარტებით, ის არის მოქმედი მოსამართლე, რომელიც იუსტიციის საბჭომ ცოტა ხნის წინ უვადოდ გაამწესა, შესაბამისად, ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მიქაუტაძის თქმით, როგორც ჩანს, ჯანეზაშვილისა და დოლიძის მხრიდან იმდენად დიდია სურვილი მან მოხსნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა, რომ „ამგვარი სიცრუითაც კვებავენ საზოგადოებას“.

„რაც შეეხება რეკომენდატორებს, ასეთი გრაფა ძალიან ბევრია. ეს მიმარათულია საბჭოს აპარატისთვის ინფორმაციის მოძიების გასაიოლებლად. ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული ამ კითხვარში, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ზუსტად ასეთია რეკომენდატორების გრაფაც და არ შეიძლება რეკომენდატორების რაოდენობა განაპირობებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობა-არ არსებობის ფაქტს. ამაზე საუბარი არის სიცრუე და ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აბსურდს უწოდებს არამოსამართლე წევრების განცხადებას, რომლის თანახმად, იმისათვის, რომ გიორგი მიქაუტაძეს მისი ხარვეზით შევსებული განაცხადის გამოსწორების შანსი მიეცეს, იუსტიციის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველებს უკავშირდება და სთხოვს, რომ დამატებით წარმოადგინონ ის დოკუმენტაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რეგისტრაციისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათ ეს თავიდანვე არ წარმოადგინეს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად შეავსეს, შესაბამისად, ელექტრონულ დოკუმენტაციაში მანიპულაცია წარმოუდგენელია. მისივე განმარტებით, მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური იყო კომუნიკაცია განმცხადებლებსა და საბჭოს აპარატს შორის და ეს კომუნიკაცია არ შეიძლება ჩაითვალოს განაცხადის ფორმის შეცვლად ან რაღაც დანაშაულებრივ ჩარევად.

„ამ პროცესებში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებ. განაცხადის შევსება ელექტრონულად ხდებოდა და კონკრეტული ვადა იყო მითითებული, რა დროსაც შეწყდა განაცხადების მიღება. ეს განაცხადები იმ ფორმით არის შევსებული და დამახსოვრებული ამ პროგრამაში, როგორითაც ვადამდეა შევსებული. არანაირ ცვლილებას მე არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება ეს სხვა განაცხადებშიც მოხდეს. ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. დღეს მყავს 2 რეკომენდატორი და ხვალ მეყოლება 6?! გამორიცხულია ასეთი რამ. ხრიკებით, ასეთი მეთოდებით და ტყუილებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. უკვე დისკრიმინაციასაც ემსგავსება. ეს უკვე სასაცილო ხდება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არასდროს დაუმალავს არც ერთს და არც მეორეს ის, რომ არ სურთ ვიყო მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს მდივანი და ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია აქვთ გავრცელებული. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის, უბრალოდ, ბუნებრივია, რომ როდესაც ამხელა ბრიფინგებს უძღვნიან, ალბათ პასუხიც უნდა გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ალბათ, თორემ ჩემთვის, ეს მოულოდნელი არ იყო“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კიდევ ერთ განცხადებას, რომლის თანახმად ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დროს საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის ჩამოშორებას ითხოვენ, გიორგი მიქაუტაძის თქმით, რიგი მიზეზების გამო, ამის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, იუსტიციისს საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ითხოვენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასუბრების პროცესს ჩამოშორდეს საბჭოს მოსამართლე წევრი თამარ ონიანი. მათი განმარტებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობა სურს ონიანის მაზლს, ზურაბ აზნაურაშვილს, შესაბამისად, აზნაურაშვილის კანდიდატურა ონიანმაც უნდა შეაფასოს. არამოსამართლე წევრების თქმით, აქ უკვე ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რის გამოც ონიანი შეფასების პროცესს უნდა ჩამოშორდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა