ირაკლი კობახიძე - პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

საპარლამენტო ზედამხედველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებასთან და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონულ კონფერენციაზე - „საპარლამენტო ზედამხედველობა: ანგარიშვალდებულების მოთხოვნის უფლებამოსილება“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე და ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პარლამენტს ცენტრალური ადგილი უკავია მმართველობის სისტემაში.

„საპარლამენტო ზედამხედველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებასთან და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტებით დაცვასთან. ასევე ზოგადად, ზედამხედველობა არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენი ქვეყნების განვითარებასთან, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე დღეს გვაქვს ერთად მსჯელობის საშუალება.

შევეცდები მოკლედ ვისაუბრო ამ მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე, რომელიც მას ანიჭებს რეგიონში რეფორმატორის და ლიდერის სტატუსს და ეს სტატუსი არის ჩვენთვის ძალიან საპატიო. 2017-2018 წლებში საქართველოში განხორციელდა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა. ამ რეფორმის საფუძველზე საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე და ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც პარლამენტს უკავია ცენტრალური ადგილი მმართველობის სისტემაში. ამ რეფორმამ მაღალი შეფასება დაიმსახურა ვენეციის კომისიის მხრიდან.

ასევე, კონსტიტუციის ცვლილებასთან ერთად საჭირო იყო პარლამენტის რეგლამენტის ახლებური გააზრება და ამისთვის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ საგანგებოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ძალიან დიდი ჩართულობით შემუშავდა რეგლამენტის ახალი პროექტი და ახალმა რეგლამენტმა კონსტიტუციასთან ერთად უზრუნველყო პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება ზედამხედველობის სფეროში“, - განაცხადა კობახიძემ.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა