ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ საერთაშორისო ფესტივალზე Oenovideo არის ნომინირებული

ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ნომინირებულია მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კონკურსზე Oenovideo. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, რიგით 26-ე ფესტივალი Oenovideo წელს 13-16 ივნისს გაიმართება. ფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+“-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინო-რეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის“ პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class“ - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.

„ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ასევე, ფილმი ასახავს 2017 წელს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, „Cité du Vin”, გამართულ ექსპოზიციას „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, სადაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით გახდა აღიარებული მეღვინეობის სამშობლოდ,“-აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, Oenovideo, ყოველწლიურად, საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში“ იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო“.

2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. მასში საუბარია მეღვინეობის უძველეს კვალზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სტატიას საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო“ ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინურ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო