ბიზნესომბუდსმენი „ოქროს სიის“ გაუქმებაზე - ვფიქრობ, ესაა ჩავარდნა კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში

მე ვფიქრობ, ესაა ჩავარდნა კომუნიკაციაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებაში, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც კომპანიების ე.წ. ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

ბიზნესომბუდსმენი აცხადებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების ასე მოკლე დროში ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე მიღება კომუნიკაციებში ჩავარდნაზე მიუთითებს და საჭიროა, რომ კომპანიებს ცვლილებასთან მოსარგებად გონივრული ვადა მიეცეთ.

„ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება „ოქროს სიას“, სადაც არიან ყველაზე რეპუტაციული კომპანიები და მათი რაოდენობა 200 ერთეულს აჭარბებს. ასეთი ცვლილების შესახებ ბიზნესი უნდა იყოს ინფორმირებული. 31 მაისს შევიდა ბრძანებაში ცვლილება, 2 ივნისს გამოქვეყნდა მაცნეში, 5 ივნისს გავრცელდა რელიზი და 12 ივნისს კომპანიები უკვე უნდა გადაეწყონ ცვლილებების შესაბამისად. დროში ასე სწრაფად გადაწყობა ფინანსური მოდელის საკმაოდ რთულია ამ კომპანიებისთვის და მინიმუმ, რაც უნდა მოხდეს ისაა, რომ სანამ არ გაიმართება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსა და კომპანიებს შორის, უნდა მოხდეს არსებული მოცემულობის შენარჩუნება“, - აცხადებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, გუშინ ჰქონდა კომუნიკაცია პრაქტიკულად ყველა ბიზნესასოციაციასთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან და ფიქრობს, რომ დამატებითი კომუნიკაცია შედგება და ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ისე, რომ ასეთმა მოულოდნელმა ცვლილებამ არ დააზარალოს კომპანიები, რომლებსაც შესაძლოა, მოკლე ვადაში საბრუნავ საშუალებებში შეექმნათ გარკვეული პრობლემები.

ლექვინაძის თქმით, "ოქროს სია" ბიზნესისთვის კარგი მოტივატორია."ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, რომ თანაბარ პირობებში უნდა იყოს ყველა კომპანია, შესაძლოა, გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ, თუმცა მე ვთქვლი, რომ „ოქროს სიის“ არსებობა ძალიან კარგი მოტივატორია კომპანიებისთვის, რომ იყვნენ რეპუტაციულები და ისარგებლონ შეღავათებით. მე ვერ ვხედავ პრობლემას "ოქროს სიის" და შეღავათების არსებობაში. თუ გვინდა, რომ მცირე ბიზნესსაც ჰქონდეს მეტი შეღავათი, ამისთვის არ უნდა დავამოკლოთ ის ვადები, რაც მაღალრეპუტაციულ კომპანიებს გააჩნიათ, შეიძლება უბრალოდ მცირე ბიზნესსაც მივცეთ უფრო მეტი დრო გადახდებისთვის,“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ცნობისთვის, 2019 წლის 31 მაისს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი: 03.06.2019).

ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა