ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი - ჩემს მიმართ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით

პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით გეთიაშვილი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მისი თქმით, მატჩების გარიგების საქმეში ინიციატორი თავად იყო.

მისივე თქმით, მკაცრი სასჯელი მხოლოდ სამი ფეხბურთელისთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინაიდან ღუდუშაურისა და კიკნაველიძისგან განსხვავებით, ისინი ასაკით უფროსები არიან.

„ვფიქრობ, ეს განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია. ორ ფეხბურთელს - პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის. ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიმაჩნია. რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი დანარჩენებთან მიმართებაში, ამაზე მერე შეიძლება დეტალურად მსჯელობა, თუმცა იმ ორ ფეხბურთელზე, რომელიც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა. თუკი ისინი სამუდამოდ გაჩერდებიან, რამდენად დააზიანებს ეს ქართულ ფეხბურთს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შემეხება მე, განცხადება გავაკეთე, რომ ამ საქმეში ინიციატორი ვიყავი და სამართლიანია ჩემთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება. თუ მაინც და მაინც მკაცრი სანქციებია გასატარებელი, უნდა გატარდეს სამ, ასაკით უფროს ფეხბურთელზე, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა ჩვენ. კიკნაველიძე საერთოდ ბოლოსკენ შემოუერთდა ამ საკითხს და მიზერული ბრალი მიუძღვის,“ - განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი კიდევ ერთ ფეხბურთელს ნიკა მაისურაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა მაისურაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება, ადვოკატის რჩევით, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა