ადვოკატის ინფორმაციით, 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დასაბრუნებლად ვლადიმერ ზელენსკიმ თბილისში თავისი  ბორტი გამოაგზავნა

10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თბილისში საკუთარი ბორტი გამოაგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბავშვების უკრაინაში დაბრუნება დღეს იგეგმება.

რაც შეეხება თავად ბავშვებს, მათ გასამგზავრებლად უკვე ამზადებენ. მცირეწლოვნებს კახეთიდან თბილისამდე ტრანსპორტირებას სოციალური სამსახური უზრუნველყოფს. ადგილობრივი სოციალური მუშაკის ნათია კევლიშვილის ინფომაციით, ბავშვებს თბილისის აეროპორტში გადაიყვანენ, სადაც მათ უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდებიან.

ბრალდებული იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა
„რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულის" ზამთრის შეთავაზება