თბილისის მერიამ საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები წარუდგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პრეზენტაციაზე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სიახლეზე, Tbilisi Lab-ის პროექტზე, რომელიც თბილისში პროფესიული ლაბორატორიების შექმნას ითვალისწინებს.

„ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც თბილისის მერთან უკვე შეთანხმებულია. დედაქალაქის მასშტაბით, 10 რაიონში 10 საინტერესო სივრცე გაკეთდება, სადაც განთავსდება თემატური და კრეატიული სივრცეები ახალგაზრდებისთვის. თითოეულ ლაბს თავისი მენტორი ეყოლება. მიმართულებები იქნება: არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიები, ეკოლოგია, დიზაინი და ხელოვნება. ასევე, იფუნქციონირებს საკონსულტაციო სივრცე, რადგანაც ბევრ ახალგაზრდას სურს საზღვარგარეთ წასვლა, განათლების მიღება და ჩვენ ამ მიმართულებით კონსულტაციას გავუწევთ. აღნიშნულ ლაბორატორიებში სარეპეტიციო დარბაზები განთავსდება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სივრცე, სადაც დაუკრავენ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მერის მოადგილემ ისაუბრა სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებაც, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

„ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა უნივერსიტეტთან მემორანდუმს დავდებთ. 100 საუკეთესო სტუდენტს ავირჩევთ და ისინი ანაზღაურებად პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ კი პრეზენტაციაზე უცხოელი სპეციალისტების მიერ თბილისში ლექციების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა, რომლებიც სტუდენტებისთვის უფასო იქნება, განაცხადების მიღება კი 10 ივნისიდან დაიწყება.

სოფიო ხუნწარიამ პრეზენტაციაზე კიდევ ერთი პროექტი დააანონსა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პროდუქტი წარმოადგინონ.

„ჩვენ „ფლი მარკეტის“ ორგანიზატორებთან ვთანამშრომლობთ. მათთან და ღამის ეკონომიკის ჯგუფთან ერთად, გაჩნდა იდეა Night მარკეტის ამოქმედების. მარკეტი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელ ხიდზე განთავსდება და ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო ადგილი შეემატება“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

როგორც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, სექტემბრიდან მერთან არსებული ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება.

სექტემბრიდან თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს კიდევ ერთი სიახლე ელით: თბილისი ევროპის სტუდენტური ბარათის ქსელს შეუერთდება, რომლითაც სტუდენტები სხვადასხვა ობიექტში შეღავათებით და ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება საერთაშორისო მოხალისეობის პროგრამებს, როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგაზრდული ცენტრების აკრედიტაციის შემდეგ, თბილისს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს უცხოელი მოხალისეები და აგრეთვე ქართველი ახალგაზრდები შეძლებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებას.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ 500 000 ლარიანი გრანტი მიიღო კიდევ ერთი საერთაშორისო პროგრამის განსახორციელებლად.

გვილავას განაცხადებით, თბილისში დაგეგმილია ევროპის სტუდენტური ორგანიზაციების ფორუმი, რომლის მიზანია, ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციების თანამშრომლობის განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციებთან და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ღონისძიებაზე ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და პროგრამებს, კერძოდ: სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიების პროგრამას, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას, ყოველწლიურ ფესტივალებსა და სამიტებს, თბილისურ ბაზარს, ბიზნესაქსელერატორს, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების დაგეგმილ რეაბილიტაციას, სტუდენტურ და ახალგაზრდულ ფესტივალებს, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სალაშქრო ტურებს და ბანაკებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა