ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე. მათივე ცნობით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავი და ხაზგასმულია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ: „2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. კვლავ გრძელდება გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის დახურვა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. კვლავ გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯანდაცვისა და საკუთრებაზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად არსებობს მონაცემები აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დოკუმენტების მოპოვებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გაერთიანებული სამეფო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ“, - აღნიშნულია ანგარიშში. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ლორდ აჰმად უიმბლდონის მიერ, 6 ივნისს, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში, გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან და პარლამენტთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო