„ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36%, ანუ სამჯერ მეტს ართმევს, რაც მისივე შეფასებით, პენსიონერების გაძარცვას ნიშნავს.

„საქართველოში კატასტროფული ეკონომიკური სიტუაციაა და ეს კატასტროფული ეკონომიკური სიტუაცია ყველაზე უფრო მძიმედ ყველაზე უფრო დაუცველ კატეგორიებზე - პენსიონერებზე და ბავშვებზე აისახება. როცა ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, გეგონება პენსიის გაცემა ხელისუფლების, ან საზოგადოების კეთილი ნებაა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქვეყანას, ქვეყნის ეკონომიკას და ამ საზოგადოებას ქმნიდა.

თუ ამ ვალდებულებას პირნათლად არ შევასრულებთ, ნორმალური სახელმწიფო არასდროს გვექნება. 400 000 პენსიონერს დღეს აქვს აღებული პენსიით უზრუნველყოფილი სესხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისედაც მწირი პენსია ადამიანს არც სურსათზე ჰყოფნის, არც მედიკამენტებზე და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან პატარა ქალაქებში და სოფლებში, პენსიონერის პენსიაზე ხანდახან მთელი ოჯახია ჩამოკიდებული.

თუ ჩვეულებრივ კომერციულ ბანკებში სესხის რაოდენობა 7- დან 14%-ია, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს პენსიით გარანტირებულ სესხზე 36% ართმევს, ანუ სამჯერ მეტს. მხოლოდ ფიზიკური პირებისგან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა 2018 წელს ამ ბანდიტურ დაჯგუფებამ, რომელიც თავის თავს ბანკს ეძახის, 235 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან პენსიონერებისგან ამოღებული შემოსავალი დაახლოებით, 83%-ია, ანუ 190 მილიონზე მეტია. პენსიონერებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა „ლიბერთი ბანკში“ დაახლოებით 600 000 000 ლარია, ანუ ბანკი არაფრით არ არის დაკავებული გარდა იმისა, რომ ჩვენი ჯიბიდან, თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვითომ აწარმოებს კომერციას. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მთელი საზოგადოება ვიხდით პენსიას და იმის ნაცვლად, რომ ეს პენსიები თქვენთან მოვიდეს, ამის უზარმაზარი ნაწილი რჩება ამ ყაჩაღურ დაჯგუფებაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ნაციონალური მოძრაობა" ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს

მისივე განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე და უზრუნველყოფილ სესხებზე.

„სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია მოითხოვს კატეგორიულად ამ ე.წ. ხელისუფლებისგან, გაუქმდეს საპროცენტო განაკვეთი წინასწარ აღებულ პენსიებზე და პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე, უზრუნველყოფილ სესხებზე და გახდეს ნული პროცენტი , სესხის აღებისთვის დადგენილი ხარჯი დაფაროს სახელმწიფომ, საკმარისია რამდენიც ამ 7 წლის განმავლობაშიც ამ კომერციულმა, ვითომ, სტრუქტურებმა ძარცვეს პენსიონერები. ეს შეეხოს არა მარტო სამომავლო სესხებს, არამედ ყველა სესხს, რომელიც უკვე აღებულია, ან წინასწარ გამოტანილ პენსიებს, ან პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს. ყველა პენსიონერს, ვისაც დღემდე პროცენტის გადახდა მოუწია, სრულად აუნაზღაურდეს ბანკის მიერ მათთვის წაგლეჯილი ფული და აღნიშნული ფული იყოს გამოყოფილი ბიუჯეტიდან.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ შენობის წინ თაღები რომ არის, იმანაც კი იცის, რომ 2020 წელს ხელისუფლება გამოიცვლება. გამოიცვლება თუ არა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ყოველი დღე არის ძვირფასი, იმიტომ, რომ პენსიონერები სურსათის, ადეკვატური ჯანდაცვის, მედიკამენტების გარეშე ყოველდღე გვაკლდებიან, ამიტომ ამის გაკეთება არის სასწრაფოდ, საჭირო ახლა. ზუსტად ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს კანონმდებლობის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მწვავეს და ყველანაირად ვეცდებით ვაიძულოთ, რომ ეს დასახული ღონისძიებები, რაც შეიძლება სწრაფად გატარდეს. ყველა ასაკის ქართველი, გარდა იმათი, ვინც ჩაბუდებული არიან ე.წ. ხელისუფლებაში, ფიზიკური განადგურების პირზე არიან სიღარიბისგან და უპატრონობისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
სასიამოვნო სიურპრიზი „ტოიოტასგან“ საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“