ქეთევან ციხელაშვილი - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უნდა გავაძლიეროთ

ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მან მრგვალი მაგიდა – “ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა/ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან ერთად გახსნა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობს უწყებათაშორისი კომისია სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კომისიაა ამ მიმართულებით. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პირველ რიგში, ეს გულისხმობს თვითონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გაძლიერებას ინდივიდუალურად, მათი უნარების გაძლიერებას, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას. დღეს ვისაუბრეთ ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე, თუმცა ამავდროულად, იმ ნაბიჯებზეც, რომელიც სახელმწიფომ გადადგა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მანვე დააკონკრეტა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

„ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამოქმედდა სპეციალური საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოები, სადაც მოსახლებას, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს უშუალოდ აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის დაგეგმვაში ან დასვას კითხვები და გამოხატოს მოსაზრებები ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე. უკვე წელიწადნახევარია, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა სასწავლებელში „1+4“ პროგრამით ჩართულ ახალგაზრდებს ან კურსდამთავრებულებს, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყებაში აქვთ კარი ღია იმისთვის, რომ გაიზიარონ თავიანთი უნარ-ჩვევები, კომპეტენცია და მიიღონ გამოცდილება, გადადგან პირველი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. უკვე გვყავს ასეთი 207 ძალიან კარგად მომზადებული ახალგაზრდა , ამ სტაჟირების პროგრამის მე-4 ეტაპი იწყება და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გვეყოლება 500-მდე საუკეთესოდ მომზადებული, მაღაკვალიფიციური ახალგაზრდა, რომელიც ფაქტობრივად, მზად არის, ჩაერთოს ნებისმიერ სფეროში. რა თქმა უნდა, ისინი სხვადასხვა პროფესიის არიან, აქვთ მშობლიური ენის ძალიან კარგი კომპეტენცია და პროფესიული უნარ-ჩვევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება იმ საკითხში, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2020
ავთანდილ წულაძე - საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის სტრატეგიული მიზანი არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა