ნათია თურნავა - არასდროს მეშინია ადგილზე მისვლის, მაღაროში ჩასვლის და ადამიანების შრომის პირობების უშუალოდ გაცნობის

არასდროს მეშინია ადგილზე მისვლის, მაღაროში ჩასვლის და ადამიანების შრომის პირობების უშუალოდ გაცნობის, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ დასმულ კითხვას, იყო თუ არა მინისტრი ჭიათურის მაღაროში.

მინისტრმა ჭიათურაში მიღწეულ შედეგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო კვლავაც წერტილოვნად ჩაერევა, განსაკუთრებით იქ, სადაც აქცენტი გაკეთდება სოციალური პირობების არასათანადოდ უზრუნველყოფაზე, კვებისა და ჯანდაცვის პრობლემებზე.

„ვიყავი თუ არა მაღაროში? - ნამყოფი ვარ მაღაროში, ოღონდ ტყიბულში. ტყიბულიც არის ერთ-ერთი ჩვენი საზრუნავი და კვლავაც ჩავალ, თუ საჭირო იქნება. რაც შეეხება ჭიათურას და ჭიათურლებს, იქ ყოფნისას მათ შევპირდი, რომ ჩამოვალ, ადგილზე ვნახავ თუ როგორ სრულდება შეთანხმება. რა თქმა უნდა, ჩავალ მაღაროში. არასდროს მეშინია ადგილზე მისვლის, მაღაროში ჩასვლის და ადამიანების შრომის პირობების უშუალოდ გაცნობის“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მხარეა, ევროპულ სტანდარტზე ბევრ დარგში ქვეყანა ერთბაშად ვერ გადავა.

„ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მხარე, ვისწრაფვით ევროპული ტიპის საბაზრო ეკონომიკისკენ. ეს მათ შორის ნიშნავს კონკრეტულ სტანდარტს, თუ როგორ უნდა რეგულირდებოდეს ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. რასაკვირველია, ეს უნდა ხდებოდეს ამ ორ მხარეს შორის, სადაც მედიატორები, როგორც წესი, არიან საინიციატივო ჯგუფები ან პროფკავშირები. თუმცა, რასაკვირველია, ისევე როგორც ბევრ სხვა დარგში, ერთბაშად ამ სტანდარტზე ყველგან ვერ გადავალთ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში და ეს განსაკუთრებულობა დაკავშირებულია მათ შორის იმასთან, რომ ეს კომპლექსი - ჭიათურა, ზესტაფონის, ძალიან დიდი დამსაქმებელია, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგია, ასევე რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საწარმო, ჩვენ კვლავაც წერტილოვნად ჩავერევით, განსაკუთრებით იქ, სადაც აქცენტი გაკეთდება სოციალური პირობების არასათანადოდ უზრუნველყოფაზე, კვების პრობლემებზე, ჯანდაცვის პრობლემებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც არის სახელმწიფოს ზრუნვის და კონტროლის საგანი. აქედან გამომდინარე, ჩართვა იყო დროული, ეფექტური. ჩვენი ჩართვა და მედიაცია დასრულდა იმით, რომ ახლა საინიციატივო ჯგუფი და დამსაქმებელი ერთად სხედან, როგორც ეს წესით უნდა ხდებოდეს საბაზრო ურთიერთობაში და საუბრობენ თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ კვების პაკეტი, ჯანდაცვის პაკეტი და ა.შ.“, - განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს