ნათია თურნავა  მაღაროელთა გაფიცვის თაობაზე - კერძო ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, თვითონ ისწავლოს დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსცესები

ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკას კერძო ინიციატივაზე დაფუძნებით, ჩვენ უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს საშუალება, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსცესები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვის დროს სახელმწიფომ ეფექტური მედიაცია განახორციელა გაფიცულებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის.

„ასეთ შემთხვევებში ერთვებიან პროფკავშირები და ეს არის ცივილიზებული გზა. რა თქმა უნდა, როგორც წესი, სახელმწიფო, არ უნდა ერთვებოდეს ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში. გავითვალისწინეთ, რომ ჭიათურა და ზესტაფონი არის უდიდესი სისტემაშემქმნელი კომპლექსი, ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ჩვენთვის. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში არის სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი, ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ ამ ინსვესტორთანაც და სხვა ინვესტორის მიმართაც. რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, ჯანმრთელობის დაცვას, კვების პირობებს და ა.შ. აქედან გამომდინარე ჩავერთეთ მედიაციაში, ის, რომ კონსენსუსი შედგა, ეს შესაძლებელი გახდა ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ. ვგულისხმობ კომპანიას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაღაროელებს, ჭიათურელებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სამინისტრო თვალს ადევნებს როგორ სრულდება შეთანხმების პირობები, ასევე ნათია თურნავას განცხადებით, შეთანხმების გარკვეული ელემენტების შესრულება უკვე დაწყებულია.

„შეთანხმების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია შრომის პირობებთან, თუმცა არის ფინანსური პაკეტიც, სადაც ასევე ორივე მხარემ გამოიჩინა უმაღლესი პასუხისმგებლობა და მზადყოფნა კონსენსუსისთვის. ორივე მხარემ დათმო და შედეგად შეთანხმდა ხელფასების ის ზომიერი მატება, რომელიც ერთი მხრივ, მისაღები იყო გაფიცულებისთვის და მეორე მხრივ, არ იყო დამანგრეველი კომპანიისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პრობლემები სათავეს დღეს არ იღებს და მანამდეც არსებობდა.

„რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ქალაქისთვის, ჭიათურისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩაერთო კომპანია ეკოლოგიური ფონის გაუმჯობესების კუთხით. უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემები დღეს არ დაგროვილა, ეს საწარმო კომპლექსი ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან არსებობს. ყვირილა დღეს არ დაბინძურებულა. ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლამდე კომპლექსური შემოწმება არ ჩატარებულა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჭიათურაში იგეგმება კონცეტრატის მიმღები სარკინიგზო ტერმინალის მოწყობა, რაც ნიშნავს იმას, რომ „რამდენიმე თვეში მძიმეწონიანი მანქანები აღარ ივლიან ჭიათურაზე“.

ამასთან, ნათია თურნავას განმარტებით, ივნისში ადგილზე კიდევ ერთი ისნპექცია იგეგმება, სახანძრო უსაფრთოების წესების დაცვის გადამოწმების თვალსაზრისით.

„სამინისტროს პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ არის ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებსა და დასაქმებულების ინტერესების დაცვას, თუმცა ვამბობ, რომ ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული და ძალიან კარგად არგუმენტირებული“, -აღნიშნა ნათია თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2020
ვახტანგ ძაბირაძე - იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ოპოზიციაა, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა