თბილისის საქალაქო სასამართლო ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება ბაჩანა შენგელიას სარჩელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტებას აკეთებს სასამართლო განჩინებების თაობაზე ბაჩანა შენგელიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მოქალაქე ბაჩანა შენგელიამ ადმინისტრაციული სარჩელებით მომართა სასამართლოს, რომელშიც გაერთიანებული იყო როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი მოთხოვნები.

ერთ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, ხოლო მეორე შემთხვევაში გარდაცვლილი პირის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს, სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნები ცალკე წარმოებად გამოიყო და განსახილველად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.

გარდაცვლილი პირის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმის წარმოება სასამართლომ შეწყვიტა, იმ საფუძვლით, რომ სავარაუდო დისკრიმინაცია ეხებოდა აწ უკვე გარდაცვლილ პირს, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენდა ამ პირის მემკვიდრეს. სასამართლომ განჩინებით განმარტა, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში გათვალისწინებული დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლება, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრისა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, წარმოადგენს პირის პირად უფლებას, იგი მემკვიდრეობით არ გადაიცემა და სამკვიდრო მასაში არ შედის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა დავის საგანი. განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება 12 დღის ვადაში საჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სამართალწარმოება დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით წესრიგდება სპეციალური თავით, რომელიც არ ითვალისწინებს საქმისწარმოების შეწყვეტის შემთხვევაში ზოგადი ნორმებისგან განსხვავებულ გასაჩივრების სპეციალურ ვადებს.

ამასთან, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას, მხარე ითხოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს ინსპექტირების სამსახურის დასკვნისა და ამავე სამინისტროს ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის წერილობითი გაფრთხილების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასკვნა არ იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს. შესაბამისად, სახეზე იყო საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძვლები. გასაჩივრებული ბრძანებით გაფრთხილება მიეცა ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლას და აღნიშნული ბრძანებით არ მომხდარა მოსარჩელის დედის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც სკოლის გაფრთხილების შესახებ ბრძანების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს მოსარჩელე არ წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე ბაჩანა შენგელია შეგნებულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ იგი პროფესიით იურისტია, რითაც მიზანმიმართულად ცდილობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი საკმაოდ დაგვიანებულია, ამიტომ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტმა რამე შეცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2020
თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობაში უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც პროცესი არ უნდა წავიდეს, თუკი ეს ზღვარი წაიშალა, მძიმე შედეგს მივიღებთ
„ინვესტ ჯგუფი“ ანანოვების სასახლის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
"თიბისიმ" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული მობაილბანკი განაახლა