ნათია თურნავა „გაზპრომზე“ -  რა თქმა უნდა, ნატურით გადასახადი ჯობდა მონეტარულ ფორმას

რა თქმა უნდა, ნატურით გადასახადი ჯობდა მონეტარულ ფორმას, მაგრამ „გაზპრომი“ ყველა სახელმწიფოსთან გადავიდა მონეტარული გადახდის ფორმაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარალამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უფრო მიმზიდველი იყო „გაზპრომისგან“ გაზის ტრანზიტის ნატურით გადახდა.

„ბოლო წლებია „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა. მათ შორის ისეთ მეგობარ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორიცაა ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ გვაქვს ოკუპირებული, რატომღაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვაზე, თუ საქართველო რუსეთის პირობას არ დათანხმდებოდა, შეწყვეტდა თუ არა რუსეთი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას, მინისტრი აცხადებს, რომ შეიძლება ასეც მომხდარიყო.

„ორი მიმართულებით შეიქმნებოდა სირთულე, ერთი სომხეთთან მიმართებაში და მეორე ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა საქართველოს, რამდენადაც ბალანსისთვის, გარკვეული რაოდენობა რუსული გაზის ყოველთვის გამოიყენებოდა, მათ შორის შესაძლოა, გაზის მოწოდებაც შეეწყვიტა რუსეთს,“-განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტი კომერციული საიდუმლოებაა.

შეგახსენებთ, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მინსკში გამართული მოლაპარაკების შედეგად რუსულ „გაზპრომ-ექსპორტთან“ სომხეთისათვის გაზის ტრანზიტის ორწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ტრანზიტის ანაზღაურება ფულით განხორციელდება. ადრე თბილისი ტრანზიტისათვის გადაქაჩული გაზის 10%-ს ღებულობდა (დაახლოებით 300 მილიონ კუბმეტრს წელიწადში). გადახდის ასეთი ფორმა მხარეთა შორის 2001 წლიდან მოქმედებდა და მისი პროლონგაცია-გადახედვა ყოველწლიურად ხდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო