„ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება კონფერენცია, რომელზეც პროექტის - „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგებს განიხილავენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 – 9 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება კონფერენცია, რომელზეც პროექტის - „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ პილოტირების შედეგებს განიხილავენ.

ღონისძიებას დაესწრებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო სკოლების დირექტორები და განათლების სპეციალისტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამწლიანი კვლევითი პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლის თვითშეფასებისა და განვითარების სისტემის მოდელების შემუშავებას. პროექტის პილოტირება ჩატარდა ქალაქების, დაბებისა და მაღალმთიანი სოფლების 13 სკოლაში.

ამასთან, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება თვითშეფასების ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლებმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და საერთაშორისო კონსულტანტებთან თანამშრომლობით განახორციელეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სკოლების თვითშეფასების ონლაინ კურსის პრეზენტაციაც, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა სკოლების აქტიური მონაწილეობით. კონფერენციაზე ასევე იქნება წარმოდგენილი საპილოტე პროექტის განხორციელებისას ჩატარებული კვლევის ანგარიში.

9 ივნისს პროექტში მონაწილე სკოლის დირექტორები და პედაგოგები თავად ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს დაინტერესებული პირებისათვის.

„პროექტი „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ სამ ეტაპად ხორციელდება: პირველი ეტაპი მოიცავდა მოწვეული ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და სასწავლო ტურებს დანიაში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მეორე ეტაპი გულისხმობდა სკოლის საჭიროებებზე მორგებული შეფასებისა და განვითარების მოდელების შემუშავებასა და პილოტირებას. პროექტის ბოლო ეტაპი ითვალისწინებს კვლევას, ასევე, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს