მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ბევრ პროექტს ვაკეთებთ რეგიონების განვითარებისა და მეტი სიცოცხლისუნარიანობისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში გაეროს მიერ ორგანიზებულ მდგრადი განვითარების 2019 წლის ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გლობალური მიზნების წლევანდელი ფესტივალის სლოგანია „მდგრადი განვითარება ყველასთვის“. ფესტივალის საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საბინე მახლიმ.

ფესტივალის ფარგლებში, ამბროლაურის ქუჩებში, მოედნებსა და სკვერებში სხვადასხვა სახის მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული შემეცნებითი და საინფორმაციო აქტივობა ჩატარდა. საფესტივალო დღე ადგილობრივ ფერმერთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვით და კონცერტით დასრულდა.

მდგრადი განვითარების 17 მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრას და პლანეტის გადარჩენას ემსახურება. მსოფლიოს განვითარების ეს გლობალური კონცეფცია გაეროს ყველა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, 2015 წლის სექტემბერში მიიღო და 2030 წლამდე ჩვიდმეტივე მიზნის მიღწევის შესახებ შეთანხმდა.

ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან გაეროს სააგენტოები და მათი დონორები, საქართველოს მთავრობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობები და სხვა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების და მთის განვითარებაზე, განსაკუთრებით გვახარებს აქ ბევრი ბავშვისა და ახალგაზრდის დანახვა. ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ იმ ინფრასტრუქტურას მოწესრიგებაში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ღირსეულად იცხოვროთ თქვენ მშობლიურ კუთხეში. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს რაჭაში, ესაა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა, დასასრულს უახლოვდება ნიკორწმინდა-ჭრებალოს გზა, ნიკორწმინდაშიც ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, ბევრი გეგმა გვაქვს ონშიც, სადაც სულ ცოტახანში ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იქნება. ეს ყველაფერი კეთდება რეგიონების განვითარებისა და მეტი სიცოცხლისუნარიანობისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებს, როგორც ფესტივალის ორგანიზებისთვის, ისე წლების განმავლობაში საქართველოს რეგიონების განვითარებაში განსაკუთრებული დახმარებისთვის.

„როდესაც საუბარია რეგიონების განვითარებაზე, მნიშვნელოვანია რომ ადგილებზე იქმნებოდეს ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები და დღეს იმდენი ახალი და საინტერესო საწარმო და ადამიანი ვნახეთ, რომ დარწმუნებული ვარ აქ წარმოებული პროდუქციის პერსპექტივასა და მომავალში“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს