გიგა ბოკერია - „ეიპიემ ტერმინალსის“ გენდირექტორის ინტერვიუთი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა ხელისუფლების ტყუილი, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ერთი ბიუროკრატის შეცდომა იყო

„ეიპიემ ტერმინალსის“ გენერალური დირექტორის ინტერვიუთი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა ხელისუფლების ტყუილი, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ერთი ბიუროკრატის შეცდომა იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისი თქმით, ტყუილის, რომ ბიუროკრატმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გაბედა, რომ ამის შესახებ არ შეატყობინა მინისტრს, საღი აზრის მქონე არც ერთ ადამიანს არ სჯერა. დეპუტატის შეფასებით, მსგავსი ქმედებებით, ხელისუფლება ქვეყნის იმიჯს არყევს ინვესტორების თვალში.

„არავის საღი აზრის მქონეს არ სჯეროდა იმის, რომ ბიუროკრატმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და გაბედა რომ არ შეატყობინა მინისტრს. მე არ მჯეროდა ამის და ახლა ეს დამატებითი ამბავია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, მინისტრი იყო ინფორმირებული ამ გეგმის შესახებ. კომპანიის მხრიდან აბსოლუტურად ნორმალურია, რომ მას ასეთი გეგმები და სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ ჩვენ რაც გვესმის, რომ ვიღაც ბიუროკრატმა შემთხვევით მიიღო ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ ეს არის სიცრუე. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თანმიმდევრული პოზიცია არ აქვს არაფერზე უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი რაღაც ინტრიგებშია გახვეული, რომლითაც, ზოგადად ყველა ინვესტორის თვალში საქართველოს რეპუტაციას ურყევს ბოლომდე. ამ ისტორიით, როგროც ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლები, ისე ფოთის პორტის იმ პროექტის წარმომადგენლები, რომლებსაც სურდათ გაფართოება, ყველა არის მოტყუებული და რაც მთავარია, მთელი საზოგადოება არის მოტყუებული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, როდესაც მსაგვსი არათანმიმდევრული ქმედებებია სახეზე, ქვეყნის პარტნიორებს ექმნებათ ლეგიტიმური კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად შეიძლება სანდო იყოს ხელისუფლების სიტყვა.

„ბევრ ჩვენს პარტნიორს ექმნება ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, შეიძლება თუ არა ამ ხელისუფლების ნდობა ნებისმიერი სერიოზული პროექტის გამნხორციელებისას. მათი სიტყვის ფასი არის ძალიან დაბალი, შეიძლება ითქვას - ნულის ტოლი. ეს რა თქმა უნდა პრობელემებს უქმნის არამარტო ხელისუფლებას, რომელიც იმსახურებს ამ პრობლემებს, არამედ მთელს ქვეყანას. თითოეულ მოქალაქეზე აისახება, საერთო ჯამში, როცა ქვეყნის ხელისუფლებას სახელი აქვს გატეხილი ინვესტორების წინაშე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საუბრობს იმაზეც, რომ მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული. გარდა ამისა, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის არსებობის საჭიროებაა, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა უცხოელი ინვესტორების დაეჭვებას იწვევს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს