ზაზა სარალიძე - გადავწყვიტე, გავრიდებოდი პროცესებს ბოლო ორი თვის განმავლობაში, რადგან დავინახე ძალიან დიდი საფრთხე

ძალიან ნათლად ჩანს მესამე პირის მონაწილეობა. ვნახოთ, ვერ ვაკონკრეტებ ჯერ, მონაწილეობდა თუ არა მკვლელობაში, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა. სარალიძემ საქმის ახალ დეტალებსა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე ისაუბრა. ამასთან, ზაზა სარალიძე განმარტა, თუ რატომ გაერიდა პროცესებს გარკვეული პერიოდი და აღარ იყო ისეთივე აქტიური, როგორც მანამდე.

„გადავწყვიტე, მე თვითონ გავრიდებოდი პროცესებს ბოლო ორი თვის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ დავინახე ძალიან დიდი საფრთხე. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ 2017 წლის 1 დეკემბრიდან. მინდა ყველამ გაითავისოს, ყველა ადამიანმა მოქალაქემ თუ პოლიტიკოსმა, რომ ზაზა სარალიძე ამ ბრძოლით მიაღწევდა ჭეშმარიტებას, თუ ავდგებოდი და დავხოცავდი სუყველას, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მე დავინახე საფრთხე, რომ ზაზა სარალიძეს ამას დაასწრებდა სხვა - ეს არის ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის მეგობრები. ზაზა სარალიძე იბრძვის იმისთვის, რომ ამ ომს, ამ სისხლს, სისხლი არ გაყვეს კიდევ, რაშიც დარწმუნებული ვიყავი და დავინახე კიდეც თვალნათლივ. ამ ყველაფერს ვეუბნებოდი პროკურორს იმედა გუგუშვილს. როდესაც პროკურორს, ქალს, შვილების დედას ვეუბნები - თუ ეს საქმე არ გაიხსნება ამას "მალალეტკების" ომი შეიძლება მოყვეს-თქო, მეუბნება, ეს ჩემი პრობლემა არ არისო. ეს პროკურორი კი არა, საერთოდ საქართველოში როგორ ცხოვრობს ისიც მიკვირს. ზაზა სარალიძე არ გაჩერდება, სანამ ამ საქმეზე სრული ჭეშმარირება არ იქნება. ვინმეს გონია, რომ ზვიად ფხაკაძეს ჩემი ცოლის და შვილის ცრემლებს ვაპატიებ? ვინმეს ჰგონია, რომ გათახსირებულ პროკურორს იმ სიტყვებს ვაპატიებ? თავისი თანამდებობა შერჩეს და აქ სისხლისღვრა ატყდეს?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ „ტვპირველის“ ეთერში.

რაც შეეხება კალანდიას წინააღმდეგ შეგროვებულ მტკიცებულებებს, როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მტკიცებულებები ახალი გამოძიების ეტაპზეა მოპოვებული, თუმცა მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„აღმოჩნდა მტკიცებულებები საქმეში, რომლის გასაჯაროვებაზე თავს შევიკავებ რადგან მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი წინაა და ვნახოთ, როგორ შეძლებს ახალი პროკურორი ამ მტკიცებულებების დადასტურებას. ეს მტკიცებულებები მოპოვებულია ახალი გამოძიების ეტაპზე. არ იფიქროს ვინმემ, რომ მე ამ პროცესს ვენდობი, თუ პროკურორებმა ისევ არ გადაწყვიტეს მიხეილ კალანდიას ადვოკატირება. აუცილებლად დავესწრები ყველა პროცესს როცა არსებითი განხილვები დაიწყება. ასევე, ძალიან ნათლად ჩანს მესამე პირის მონაწილეობა. ვნახოთ ვერ ვაკონკრეტებ ჯერ მონაწილეობდა თუ არა მკვლელობაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან დავით სარალიძის მამამ უარყო მასსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის რაიმე სახის დაპირისპირება და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა იმაზე, თუ რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი.

„არავითარი დაპირისპირება და წყენა არ ყოფილა ჩემსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად რა მოხდა. ჩემთვის მნიშვნელოვა აქვს ჭეშმარიტებას, რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ

როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე