ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2019

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებაში ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დალაგდეს სურათი”

აფხაზებს სოხუმისთვის სახელის გადარქმევა სურთ

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ხელისუფლებაში ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დალაგდეს სურათი”

“საკმაოდ მარტივი ვითარებაა. არაფერი ახალი არ ხდება - არის ის ვითარება, რომელიც ამ 30 წლის მანძილზე არაერთხელ გვინახავს: ქვეყანა იმართება ან სახელმწიფო ინსტიტუტებით ან სანდო ადამიანებით, ჩვენთან ინსტიტუტები არ მუშაობს, ამიტომ ყველა ხელისუფლების პირობებში სანდო ადამიანების ხელით ხდებოდა მართვა. ეს ხდება ახლაც, ეს პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლებაში. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც სანდო ადამიანები გამოილევიან ხოლმე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ ძაბირაძე: “ოცნება” ხელისუფლების გადაბარებაზე არც ფიქრობს” / ხელისუფლებაში ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დალაგდეს სურათი.

“ყველა ემზადება არჩევნებისთვის და ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ “ქართული ოცნება” არც ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად: თუ ასე იქნებოდა, მაშინ ალოგიკურია ის, რასაც ახლა ვუყურებთ. პირიქით, სანდო ადამიანების მოძებნა და მათზე დაყრდნობა ხდება სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს - აქ ყველაფერი გარკვეულია. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებისგან მინიშნებებს ხელისუფლების გადაცემის შესახებ, ასეთი მინიშნებები მუდმივად იყო, როდესაც ზღვარი მოახლოვდებოდა, მაგრამ ეს მინიშნებები მაშინ იძენს რეალურ ხასიათს, როდესაც საზოგადოებაში ანალოგიური განწყობაა. ჯერ საზოგადოება ორად არის გაყოფილი. ორივე ძალა, როგორც “ქართული ოცნება”, ისე ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ორპოლუსიანი პოლიტიკური ვექტორი შეინარჩუნოს და თამაშიც ამ პოლუსებს შორის მიდის. თუ ეს დაიძლევა, მაშინ ყველაფერი იქნება რეალური. რაც შეეხება საარჩევნოდ მესამე ძალის გამოჩენას, ვნახოთ. სურათი უფრო გვიანი შემოდგომისთვის, ასე ოქტომბრისთვის გამოიკვეთება. რაც ხდება სახელისუფლებო ფლანგზე, სრულიად ნათელი და გარკვეულია და ოქტომბრის თვის ბოლოს უნდა გაირკვეს რა მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“წასვლა არც ივანიშვილს უნდა და არც სააკაშვილს. ამიტომ ახლა მთავარი საფიქრალია, როგორ შეიქმნას რეალური ალტერნატივა, მესამე ძალა, რომელიც ორივეს ჩაანაცვლებს - თუ გაჩნდება ასეთი ძალა ორივე ლიდერს უკვე ანგარიშის გაწევა მოუწევს და შეიძლება რაღაც მოხდეს კიდეც. თუ ასეთი ძალა არ შეიქმნება, მაშინ არც ერთი წავა და არც მეორე - ბოლომდე იბრძოლებენ. ამ ბრძოლაში კი შეიძლება ცუდი რამ მოხდეს - როცა დაპირისპირება ზღვარს აღწევს, მაშინ პროცესების პროვოცირება ძალიან მარტივია”, - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “ანუ მთავარი პრობლემა ისაა, რომ რეალური ალტერნატივა არ ჩანს?” - პასუხობს:

“დიახ. ერთი, მთავარი პრობლემაა, რომ რეალური ალტერნატივა არ ჩანს და მეორე - საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩევლები მაინცდამაინც სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ... ფაქტია, რომ ამომრჩეველში მოთხოვნა არის, თუმცა შეძლებს კი ოპოზიცია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას? ეს არის მნიშვნელოვანი კითხვა. ვიმეორებ, ხელისუფლებაში ყველაფერი გარკვეულია, ახლა ოპოზიციაში უნდა დალაგდეს სურათი”.

აფხაზებს სოხუმისთვის სახელის გადარქმევა სურთ

"ცხინვალის რეგიონსა და აფზახეთში ქართული ქალაქებისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ. ოსებმა ახალგორს 11 წლის დაარქვეს ლენინგორი, ახლო მომავალში კი შეიძლება ცხინვალს სტალინირი დაარქვან. ეს სახელი ამ ქალაქს კომუნისტების დროს უკვე ერქვა. ცხინვალისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა... აფხაზეთის მთავარი ქალაქისთვის სახელის გადარქმევის სურვილის სოხუმშიც გამოთქვეს. ამის შესახებ უკვე აქტიურად მიდის საუბარი ადგილობრივ მედიაში. სოხუმისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით იურისტი რამგარ მარშანი გამოვიდა. აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტი მიიჩნევს, რომ სახელწოდებას სოხუმი უკვე ყავლი გაუვიდა. მისი თქმით, აფხაზეთის მთავარი ქალაქის სახელწოდება ხშირად იცვლებოდა და მიაჩნია, რომ ახლაც მოვიდა ცვლილებები დრო”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით აფხაზები სოხუმისთვის სახელის გადარქმევას აპირებენ.

“სოხუმს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა. ყველა სახელი რაღაც დროის შემდეგ შეიცვალა, ისტორიას ჩაბარდა, მაგალითად, დიოსკურია და სებასტოპოლისი. დიოსკურია მცირე აზიელმა ბერძნებმა დააარსეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში. რომაელები აქ მოვიდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 65 წელს და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს”, - ამბობს მარშანი. მის გარდა სოხუმისთვის სახელის გადარქმევის სურვილი სხვებსაც აქვთ. ერთ-ერთ ვერსიად აყუა განიხილება - აფხაზთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რაკი ეს სახელი სოხუმს ადრეც ერქვა, ახლაც შეიძლება, რომ ეს სახელი დაარქვან. მარშანის აზრით, ამ სახელწოდების დარქმევა რამდენიმე მიზეზით არ შეიძლება. მისი თქმით, მსოფლიოში ვერ ნახავთ ქალაქს, რომლის დასახელებაშიც მხოლოდ ერთი თანხმოვანია. ამას გარდა მარშანი ამბობს, რომ სახელი აყუა მომდინარეობს ადიღეური სიტყვიდან, რაც ითარგმნება როგორც მღვრიე წყალი, აყუა შეიძლება დაერქვას სოფელს, მაგრამ არავითარ შეთხვევაში ქალაქს, - მიაჩნია აფხაზეთის უნივერსიტეტის დოცენტს. მარშანის აზრით, სოხუმს ამრა უნდა დაერქვას, ამრა აფხაზურად ნიშნავს მზეს და ეს სახელი ყველასთვის მისაღებია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამგარ მარშანის თქმით, სახელწოდება ამრა უცხოელებისთვისაც მისაღები იქნება და ეგრევე მიხვდებიან, რომ საზღვაო ქალაქთან აქვთ საქმე. მისი თქმით, “სოხუმი არის მზის და ზღვის ქალაქი, ამიტომ ეს სახელი ყველაზე მეტად შეეფერება მას”. მისივე აზრით, არც ის უნდა იყო შემთხვევითი, რომ ომის დროს სოხუმის სანაპიროზე არსებული წარწერა ამრა გადარჩა... მარშანი დარწმუნებულია, რომ აფხაზები ამრას მალე აიტაცებენ, რადგან აფხაზეთში ბევრ ობიექტს ჰქვია ამრა და ეს სახელი უცხო არავისთვის იქნება”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა