ბლოკი „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" წევრების, ელენე ხოშტარიას და ნინო გოგუაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მათთან შეხვედრას თავს არიდებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლიდან რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები გარეთ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ თამარ ჟვანიას შენობაში ვერ პოულობენ. მათი ინფორმაციით, ცესკოს თანამშრომლები ზუსტ პასუხს - იმყოფება თუ არა ცესკოს თავმჯდომარე შენობაში - არ ეუბნებიან.
„თავდაპირველად ჩვენი შესვლის ხელოვნური შეფერხება იყო. როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილე ადამიანებს სრული უფლება გვაქვს, რომ შეუფერხებლად შევიდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ შესვლის შემდეგ საერთოდ ვერ ვიპოვეთ თამარ ჟვანია. მისი მდივანი ვერ გვეუბნება, შენობაში საერთოდ არის თუ არ არის იგი. რაც ბუნდოვნად გავიგეთ არის ის, რომ პირდაპირ ოთახებში ეძებენ თამარ ჟვანიას. გასაგებ პასუხს ვერ გვეუბნებიან. როგორც ჩანს, შეშინებულია, მაგრამ პირობას ვაძლევ, მოუწევს ჩვენთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების გაცემა: დილიდან კანონდარღვევით რატომ დაიწყო საარჩევნო პროცესი. ამიტომ, სადაც ახლა არის, შეატყობინონ და უთხრან, რომ მოვიდეს სწრაფად", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამ დროისთვის ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში იმყოფებიან და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ელოდებიან.