„სამართლიანი არჩევნები“ - უბნების უმრავლესობაზე, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესის შესახებ 14:00 საათის მდგომარეობით მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზებაა, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით.

„ISFED 2019 წლის 9 ივნისის პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს 31 მოკლევადიანი დამკვირვებლის, საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები წარმოდგენილი არიან მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. „სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მთაწმინდის ოლქის ყველა (100%) საარჩევნო უბანი მზად იყო კენჭისყრის დასაწყებად 8:00 საათისთვის“, - აღნიშნა ბენიძემ.

მისივე განცხადებით, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

„ტენდენციის სახით შეინიშნება, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #11, #18, #22, #32 და #33 საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით. #11 საარჩევნო უბანზე აღნიშნულს ახორციელებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მრავალეთნიკური ერთობა“ წარმომადგენელი; #18 და #32 საარჩევნო უბნებზე - „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი; #22 საარჩევნო უბანზე - „მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი; #33 საარჩევნო უბანზე - „სამართალდამცავთა დაცვის ლიგას“ წარმომადგენელი. #12 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ რეგისტრატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციების განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვრა. #3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შვილის გრაფაში მოაწერინა ხელი“, - განაცხადა ბენიძემ.

„სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

იხილეთ ვიდეო: უბნების უმრავლესობაზე, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა - "სამართლიანი არჩევნები"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა