ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2019

“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც” - ვახტანგ ძაბირაძე

„ოცნებაში“ ივანიშვილის გარეშე არსებობაზე ალაპარაკდნენ

ბესელიას ჯგუფი კენჭისყრის ჩაშლას ეცდება: “ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ...”

* * *

“მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც” - ვახტანგ ძაბირაძე

“ვვარაუდობდი, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებდა მთაწმინდის მოსაგებად და ასეც მოხდა. ამ ოლქში მთელი სახელისუფლებო რესურსი იყო კონცენტრირებული, რაც პირველ ტურში “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო, რადგან მთელი მისი რესურსი ზუგდიდისკენ იყო მიმართული. ეს ფაქტორი კარგად უნდა გააანალიზოს ოპოზიციამ. საქმე ის არის, რომ 2020 წლისთვის არჩევნები შუალედურივით მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო ოლქში კი არა, მთელ ქვეყანაში ჩატარდება, შესაბამისად, ხელისუფლებას ამ მასშტაბებისთვის რესურსი არ ეყოფა, ვერ შეძლებს ყველგან ასეთ მობილიზებას და ეს ნამდვილად უნდა იქცეს ოპოზიციისთვის გამარჯვების შესაძლებლობად...”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთაწმინდის მეორე ტური გაკვეთილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც” / “2020 წლისთვის აუცილებლად გადახალისდება საპარლამენტო გუნდი. ახლა ყველა საკადრო გადაწყვეტილება სწორედ 2020 წლის არჩევნების რაკურსით უნდა განვიხილოთ” / “არის იმის საფრთხე, რომ დავბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქაში და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრეს, რისთვისაც ამ წლებში მიგვიღწევია. კორუფციასა და მფლანგველობასთან ბრძოლა თუ არ დაიწყო, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”.

“მთაწმინდაზე ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა ამომრჩევლის სრული მობილიზება, რაც შეძლო ხელისუფლებამ. მან იმუშავა იმაზეც, რომ საარჩევნო ურნებთან ოპოზიციის ამომრჩეველი არ მისულიყო. მთაწმინდის მეორე ტურმა ძალიან ბევრი რამ აჩვენა, რაც შეიძლება გაითვალისწინოს ხელისუფლებამაც, მაგრამ უფრო მეტად ოპოზიციამ. ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს. შავგულიძის მეორე ტური იყო მინიშნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა რამდენად შეძლებს ჩამოყალიბებასა და მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი ფრონტის შექმნას, არ ვიცი... ის, რომ მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატით ოპოზიციის წარმატების შანსი გაცილებით დიდია, ეს გამოჩნდა მთაწმინდაზეც და, სხვათა შორის, გამოჩნდა ზესტაფონშიც, სადაც შუალედური არჩევნების პირველ ტურში სახელისუფლებო კანდიდატმა გაჭირვებით გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდშიც შეექმნებოდა ხელისუფლებას პრობლემები, რომ არა სანდრა რულოვსის კანდიდატურა. ასე რომ, მაინცდამაინც სასიხარულად არ უნდა ჰქონდეს საქმე “ქართულ ოცნებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ამ საქმის უკან აშკარად ილანდება ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესები - პირებისა, რომელთაც დიდი გავლენა ჰქონდათ და ჩაერივნენ კიდეც საქმის მსვლელობაში... ის, რასაც დღეს ვხედავთ, მიანიშნებს, რომ ხელისუფლება იძულებული შეიქნა საზოგადოების მოთხოვნისთვის გაეწია ანგარიში. აქედან გამომდინარე, ნათლად გამოჩნდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, უპირველესად კი ხელისუფლებამ - საზოგადოების პროტესტს, ადრე თუ გვიან, ადეკვატური პასუხი გაეცემა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. დაკავებულია ახალგაზრდა, რომლის გვარ-სახელი ამ საქმეში მუდმივად გვესმოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ამდენი ხნის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაეპატიმრებინათ, თუმცა დაველოდოთ მტკიცებულებებს. გარდა იმისა, რომ საზოგადოების პროტესტს შედეგი მოაქვს, უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ თუ კალანდიას ბრალდება დაუმტკიცდა, საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, ყველა ის პირი, რომლებიც ერეოდნენ ამ საქმეში და მონაწილეობდნენ ფაქტების გაყალბებაში, დაისაჯოს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს დასჯა მინდა, არა, ეს უნდა იქცეს პრეცედენტად, რათა სხვა დროს ვეღარავინ გაბედოს ასეთი მაქინაციები. თუ ხელისუფლება შეეცდება მუნდირის დაცვას და ხელს დააფარებს გამყალბებლებს, მაშინ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს. ხორავას ქუჩაზე მკვლელობა უბედურებაა დაღუპულთათვის და იმათთვისაც, ვინც ციხეში მიდის, მოგებული არავინაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურება იქნება, თუ ჩვენ ამას წავახალისებთ და ეს საქმე სრულად არ იქნება გამოძიებული...” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველა ფიქრობს, რომ მოსამართლეთა სია ისე დალაგდება, როგორც აწყობს მოსამართლეთა იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ხელისუფლების იმ ნაწილს, რომელიც ამ ჯგუფს მფარველობს და სასამართლოს კურირებს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო სიაში მოხვდება ერთი-ორი ღირსეული პირიც, რომლებსაც შესაფუთ მასალად წარადგენენ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, უმეტესობა კი სწორედ ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი იქნება. ქვეყანა ძალზე მწვავე პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ, თუ ოდესმე მოვა ხელისუფლება, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო დასჭირდება, ვფიქრობ, არ იქნება პრობლემა არც იუსტიციის საბჭოსა და არც უვადოდ დანიშნული მოსამართლეების დათხოვნა და სასამართლო სასამართლოს დაემსგავსება. მხოლოდ ერთი სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია - იქნება ეს სასამართლო სისტემა, საპარლამენტო თუ აღმასრულებელი. როდესაც კონსტიტუციურად გაიმიჯნება ეს შტოები და ისინი ერთმანეთის გაკონტროლებას მოახერხებენ, აი, მაშინ დაიწყება სისტემის გაჯანსაღებაც... თუ იდეოლოგიას ჩამოვაშორებთ, ზუსტად საბჭოური სისტემის პრინციპებზე ვდგავართ. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, შევარდნაძის ხელისუფლებიდან სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არ ყოფილა. 30 წელი ცოტა არ არის, მაგრამ რეფორმირება ვერ მოხერხდა. ამიტომაც დღეს იგივე პრობლემები გვაქვს ხელისუფლების სამივე შტოში. მის სათავეში პრეზიდენტი იქნებოდა, პრემიერი თუ ბიძინა ივანიშვილი, მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, პარლამენტი დღესაც ნოტარიუსია, სასამართლო კი ხელისუფლების გადაწყვეტილებების დამადასტურებელი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამბობენ, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდაო. კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა გაუმჯობესდა და უკეთესი გახდა, არა, უბრალოდ, უფრო ლიბერალური მიდგომებია­ იმ საქმეების მიმართ, რომლებშიც ხელისუფლებას პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესი არა აქვს, შესაბამისად, ზოგჯერ მართლაც იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. სააკაშვილის დროს სასამართლო სისტემა ყველას ერჩოდა. ეს იყო რეპრესიული მანქანა, რომელსაც სხვა მიზანიც ჰქონდა - საზოგადოებაში შიში და ტერორი უნდა დაეთესა, დღეს ეს აღარ არის, მაგრამ საზოგადოების განსაზღვრული კატეგორიისთვის და არა მთლიანად საზოგადოებისთვის. აი, ეს არის განსხვავება და რამდენიც უნდა ამტკიცონ, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, ასე არ არის და ამაზე ფაქტები მეტყველებს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი გახდება მაშინ, როდესაც პარლამენტი იქნება დამოუკიდებელი, როდესაც ივანიშვილი კი არ დანიშნავს პრემიერს, არამედ ნამდვილად პარლამენტი აირჩევს. როცა ხელისუფლებაში ასეთი აჯაფსანდალია, ლაპარაკი იმაზე, რომ რომელიმე სისტემის რომელიმე ნაწილი გაჯანსაღდება, აბსურდია. ერთ დღეს ჩვენ ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“დასანანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენთან, ფაქტობრივად, მართვის ბერკეტებს არ წარმოადგენენ. ამიტომაც ქვეყნის მართვა ზოგიერთი პირის ხელშია. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის მმართველი, ფორმალური თუ არაფორმალური, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტები თავისი ერთგული ხალხით დააკომპლექტოს - ანუ ინსტიტუტმა კი არ უნდა იმუშაოს, ის კი არ უნდა იყოს ხელისუფლების გარანტია, არამედ ერთგული ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ უწყებას გააკონტროლებენ. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკვანძო უწყებებში, როგორიც არის შსს, პროკურატურა და სასამართლო, მმართველს სჭირდება ერთგული ხალხი, რათა იქ მისი პოლიტიკა გატარდეს. ამიტომაც არის, რომ ჩვენს პრობლემურ სასამართლო სისტემაში თავიანთი ერთგული ხალხი მიჰყავთ და უვადოდაც ნიშნავენ. ერთს ვიტყვი - საბოლოოდ ვერც ერთი ხელისუფალი ვერ ახერხებს იმდენი სანდო პირის მოძებნას, რამდენიც ქვეყნის მართვას სჭირდება და ეს შემდგომ ახალ-ახალ პრობლემებს წარმოშობს - გადატრიალებებს თუ გადმოტრიალებებს. ეს არის მთელი ანატომია იმ პროცესისა, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავარი პროკურორის სავარძელი შესაძლოა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დაიკავოს, რაც გახარიას ჯგუფს უფრო გააძლიერებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელს პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერის ირაკლი კობახიძისთვის ათავისუფლებენ...” - პასუხობს:

“ერთადერთი, რაშიც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი “ნოვატორები და აღმომჩენები” არიან, საკადრო გადაადგილებებია - ვერასდროს მიხვდები, როდის რას მოიმოქმედებენ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ. ვარაუდი სავსებით რეალურია, სიმართლე გითხრათ, შეიძლება გამართლებულიც. აშკარაა, რომ თადუმაძის წასვლის შემთხვევაში მთავარ პროკურორად ახალი, ერთგული კადრი დასჭირდებათ. თუ ლოგიკას მივყვებით, აშკარაა, რომ ივანიშვილი გახარიას ძალიან ენდობა, შესაბამისად, პროკურატურაშიც, დიდი ალბათობით, მის შერჩეულ კადრს მოიწონებს. ვნახოთ, რა მოხდება. მეზვრიშვილი საკმაოდ აქტიურია და არ იქნება მოულოდნელი, თუ ის მთავარი პროკურორი გახდება. რაც შეეხება კობახიძეს, მას ოპოზიცია ხშირად და ძალიან მწვავედ უტევს. სავარაუდოდ, მისი რეიტინგიც დიდად არ ბრწყინავს და სწორი იქნება, თუ მას საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ, მით უფრო, რომ არ არის ურიგო კონსტიტუციონალისტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავკაცობით მიღებული კონსტიტუცია ნამდვილად არ არის ამ ქვეყნის შესაბამისი”.

“ამასთანავე, 2020 წლისთვის აუცილებლად გადახალისდება საპარლამენტო გუნდი. ახლა ყველა საკადრო გადაწყვეტილება სწორედ 2020 წლის არჩევნების რაკურსით უნდა განვიხილოთ. ის, რომ გახარია შს მინისტრია, არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც და შესაძლოა მისი კადრი დანიშნონ პროკურატურის ხელმძღვანელადაც, ნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ სწორედ მას ენდობა ივანიშვილი და მას მოუწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წარმართვაც და შედეგზე პასუხისმგებლობის აღებაც. სამართალდამცავი ორგანოები ერთ ქუდში მოექცევა, რათა მათ უფრო მოქნილად იმოქმედონ. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გადახალისდება საპარლამენტო სიაც. შესაძლოა მასში, კობახიძის გარდა, ვეღარ მოხვდნენ ისინიც, ვინც დღეს მის ჯგუფში მოიაზრებიან და ამ სასამართლო სისტემის ლობირებით ძალიან დაიზიანეს რეიტინგი”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა, ის კორუფციული ფაქტები, რაც ხელისუფლებამ გამოავლინა, მაინცდამაინც არ მიუთითებს, რომ კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა დაიწყო. ზოგჯერ ამა თუ იმ პირის დაკავებისას რჩება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ეს გავლენების გადანაწილებაა, რაშიც ერთი ჯგუფი მეორეს ხელს უშლიდა და ამიტომაც მიეცა ამა თუ იმ საქმეს ასეთი მსვლელობა. არა მხოლოდ გამოვლენილი დანაშაულებია პრობლემა, არამედ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა და საგანგაშოა საზოგადოების განცდა, რომ ხელისუფლებაში კორუფციული კერებია. არ ვიცი, რამდენად შორს არის წასული კორუფციული საცეცები, მაგრამ მე ერთ რამეს ვხედავ - ხელისუფლებაში გაჩნდნენ გავლენის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ და ეს პირდაპირ უკავშირდება კორუფციას. ეს კი ახალისებს ამ მანკიერ პროცესს არა მხოლოდ ზედა ფენაში, არამედ საშუალო და დაბალ განშტოებებშიც, რაც რეგიონების მაგალითზე ჩანს. ეს სისტემა თუ მოირღვა, მერე მისი შეჩერება ძალიან გაძნელდება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. არის იმის საფრთხე, რომ დავბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქაში და ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრეს, რისთვისაც ამ წლებში მიგვიღწევია. კორუფციასა და მფლანგველობასთან ბრძოლა თუ არ დაიწყო, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება”, - დასძენს ძაბირაძე.

„ოცნებაში“ ივანიშვილის გარეშე არსებობაზე ალაპარაკდნენ

“შეძლებს თუ არა “ოცნება” ივანიშვილის გარეშე არსებობას და აპირებს თუ არა თავად ივანიშვილი ისეთი ახალი ლიდერის პოვნას, რომელიც მის ჩანაცვლებას შეძლებს? ივანიშვილს ამის მცდელობა ორჯერ უკვე ჰქონდა, როდესაც პოლიტიკიდან წავიდა და ქვეყანამ მის არყოფნაში ორი სხვადასხვა პრემიერი გამოიცვალა. თუმცა ბოლოს სიტუაცია იმდენად აირია, რომ მას უკან ოფიციალურად პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. “ქართული ოცნების” დეპუტატი რომან კაკულია ფიქრობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, თუმცა ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ აქვს. იზიარებენ თუ არა “ოცნებაში” კაკულიას მოსაზრებას, ამის გარკვევას “რეზონანსი” მმართველი გუნდის დეპუტატებთან შეეცადა. მათი აზრით, ივანიშვილი პოლიტიკაში ჯერ ახლა დაბრუნდა და მან ის უნდა გააკეთოს, რაც საზოგადოებას დაპირდა. ამიტომაც პოლიტიკიდან მის შესაძლო წასვლაზე საუბარი 2020 წლამდე გამორიცხულია. თუმცა, რა იქნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს რთული სათქმელია. ჯერჯერობით პარტიის შიგნით არ მიდის იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის ჩამნაცვლებელი უნდა მოიძებნოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ოცნებაში“ ივანიშვილის გარეშე არსებობაზე ალაპარაკდნენ.

“ის, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშიც შედის. არ არსებობს, რომ არ შედიოდეს. ამ ადამიანს პოლიტიკიდან წასვლა უნდა, აქედან გასვლა უნდა მას. ორჯერ სცადა - ვერ შესრულდა, ის მოცემულობა ვერ დაიდო, რომლის შემთხვეაშიც მას წასვლა შეეძლება. ეს “ქართულმა ოცნებამ” უნდა უზრუნველყოს. ვეძებ იმ “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობა შეუძლია”, - განაცახადა კაკულიამ. დეპუტატი და “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ რთულია საუბარი იმაზე, მომავალში რა მოხდება და შეძლებს თუ არა პარტია ბიძინა ივანიშვილის გარეშე არსებობას. ქუცნაშვილი ამბობს, რომ 2020 წლისთვის პარტიას ახალი ლიდერშიპი არ ეყოლება და ის ისევ პარტიის ძველი თავმჯდომარითა და შემადგენლობით წარსდგება საზოგადოების წინაშე. დეპუტატი აცხადებს, რომ საეტაპო ცვლილებების პერიოდი ალბათ 2024 წლის არჩევნებისთვის მოვა. “დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს ივანიშვილს საპარალმენტრო არჩევნებში ვერავინ დაამარცხებს და გუნდი მისი ლიდერობით კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. მის მიერ დაწყებული საქმეები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, განათლების და სხვა სფეროებში ლოგიკურ დასასრულს ითხოვს. ვფიქრობ, შემდეგი არჩევნები კიდევ ერთი საშუალება იქნება იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავის პარტიასთან ერთად ბევრი დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს”, - ამბობს ქუცნაშვილი, რომლის თქმით, “ძალიან რთულია იმაზე საუბარი, 2024 ან 2028 წლისთვის “ოცნება” ივანიშვილის გარეშე საერთოდ იქნება თუ არა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ყველაფერი ჯერ 2020 წლის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ შეიძლება ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან პარტიის თავმჯდომარედ ვინ იქნება არჩეული. ასევე, ვინ გახდება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის მეთაური. ახლა ამ ყველაფერზე რაიმე პროგნოზირება ან კატეგორიულად გადაჭრით რამის თქმა შეუძლებელია. ეს უფრო მკითხაობას დაემსგავსება“, - აცხადებს ქუცნაშვილი. დეპუტატის თქმით, მას ნამდვილად შეუძლია დაადასტუროს და გადაჭრით თქვას, რომ 2020 წლისთვის პარტიის ლიდერშიპში თვისობრივი ცვლილებები არ იქნება. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილს პარტიის და ქართველი საზოგადოების სრული ნდობა აქვს, ამიტომაც მისი პოლიტიკიდან წასვლა ჯერ არ იგეგმება. “ოცნების” კიდევ ერთი წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ რთული და წარმოუდგენელია ვინმემ ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ისაუბროს და გადაჭრით თქვას, მას რა სურს. მისი თქმით, ივანიშვილი უკან პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ საქმე აკეთოს და სანამ ის თვლის, რომ ამ საქმის გაკეთება შეუძლია, პოლიტიკაშიც მანამდე დარჩება, რადგან როდესაც საჭიროება დადგა და ქვეყანას დასჭირდა, მან პოლიტიკაში მოსვლაც გადაწყვიტა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ივანიშვილს გაქცევა არ ახასიათებს. მით უმეტეს, როდესაც ხედავს, რომ მის ქვეყანას და ხალხს სჭირდება. რთულია მის მაგივრად ვინმემ რამე პროგნოზი გააკეთოს და თქვას სამომავლოდ რას გადაწყვეტს. რადგან მან ჩათვალა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ესე იგი კონკრეტული გეგმა აქვს და იცის რა ეტაპამდე უნდა მივიდეს. ალბათ ამის შემდეგ გადაწყვეტს მის გარეშე პარტია შეძლებს ფუნქციონირებას, თუ როგორ იქნება. მისი შეცვლა თუ ჩანაცვლება რომელიმე ლიდერით ბუნებრივად და დინამიურად უნდა მოხდეს. ამაზე ნაჩქარევად არც გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და არც ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დგას. ივანიშვილი უკან სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდშიც და ქვეყანაშიც რადიკალური ცვლილებები განახორციელოს. ჯერ სულ ერთი წელია რაც ამ საქმეს შეუდგა და სადმე წასვლაზე საუბარი ნაადრევია. რაღაცეები ლაგდება, იგეგმება ცვლილებები და ყველგან ახალი ეტაპი დაიწყება”, - დასძენს ქანთარია „რეზონანსთან“.

“ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტოს. პირიქით, ის ახლა საკუთარი გავლენების აღდგენას ცდილობს. მისი აზრით, ივანიშვილს წასვლა რომ ნდომოდა, კვირიკაშვილს მისცემდა საშუალებას ის ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა, რასაც ძალაუფლების ხელში აღება ჰქვია. თუმცა, მან ყოფილ პრემიერს და მის გუნდს ამის საშუალება არ მისცა და პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლიდერის უნარების მქონე “ოცნებაში” ორი ადამიანია - ესაა კახა კალაძე და გიორგი გახარია, თუმცა დამოუკიდებლად ბიძინას ჩამნაცვლებლად ჯერჯერობით როგორც ლიდერი ვერც ერთი ვერ ჩამოყალიბდება. მისი აზრით, გახარიას კი აქვს ძალაუფლება, მაგრამ მას პოლიტიკური კაპიტალი და გუნდის შიგნით მოკავშირეები არა ჰყავს. რაც შეეხება კალაძეს, ამ კუთხით ის უფრო მეტი პრივილეგიით სარგებლობს. ის ქალაქის არჩეული მერია და პოლიტიკური კაპიტალი გახარიაზე მეტი აქვს. თუმცა არც ერთი მათგანი საზოგადოებაში იმ წონის მატარებელი არ არის, რომ ივანიშვილის მსგავსი პასუხისმგებლობა აიღონ. ძაბირაძე ამბობს, რომ ყველაფერი 2020 წლის არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. ქართველ ამომრჩეველზე, რომელსაც შეუძლია, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა აიძულოს”, - დასძენს გამოცემა.

ბესელიას ჯგუფი კენჭისყრის ჩაშლას ეცდება: “ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ...”

“ხელისუფლება ეცდება სწორედ პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, ივლის-აგვისტოში აირჩიოს ოდიოზური მოსამართლეები უზენაესში, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი ამბავი “ქართული ოცნებისთვის”... “ოცნება” უნდა გადაყვეს თამარ ალანიას უზენაესში გაყვანას. უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, იმიტომ, რომ, თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ეს ნიშნავს ხაზი გადაუსვა 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარს”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ მოსამართლეების თემის გამო წამოსული ლევან გოგიჩაიშვილი. მისი თქმით, სწორედ იმის მსგავსი ოდიოზური გვარებით სავსე მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სია გველოდება, როგორიც იყო დეკემბერში სკანდალური 10-კაციანი სია. სიას დიდი ალბათობით, “ოცნება” მათ დაამტკიცებს კიდეც, რადგან საკმარისი 76 ხმის მიღების პრობლემა “ოცნებას” არ აქვს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს დიდი პროტესტის და ხმაურის ფონზე და ამ მომავალი სიის წევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათი მოსამართლეობა სურს არა ხალხს, არამედ მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ივანიშვილს ” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბესელიას ჯგუფი კენჭისყრის ჩაშლას ეცდება: “ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ...”

“ივანიშვილი ისეთივე ავტორიტარულ სისტემის შექმნას ცდილობს, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა. “ოცნება” აპირებს კენჭი უყაროს მოსამართლეებს და ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის ჩაშლას. გვინდა ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. მაგალითად, თამარ ალანიას გადაყვანას უზენაეს სასამართლოში, უნდა გადაჰყვეს “ქართული ოცნება” და ძალიან მაინტერესებს ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია ამ დროს... თამარ ალანია არის სააკაშვილი და ადეიშვილი და როდესაც იღებ სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობას, ღირსი ხარ უკვე და უნდა გადაიხადო დიდი პოლიტიკური ფასი და შენ და სააკაშვილს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ყველა ის მოსამართლე, რომელიც კლანის წევრია, ადეიშვილთან ჯერ გამომძიებლები და პროკურორები იყვნენ, მერე “კარგად” შესრულებული დავალებებისთვის მოსამართლეებად დააწინაურეს და ასე გახდნენ მოსამართლეები”, - აცხადებს გოგიჩაიშვილი, რომლის განმარტებით, “თამარ ალანია არის ადამიანი, რომელიც ჯერ როგორც პროკურორი და მერე როგორც მოსამართლე უდანაშაულო ადამიანებს ციხეში მიერეკებოდა ადეიშვილისა და წინა რეჟიმის დავალებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცნობისათვის, თამარ ალანია სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედაა დანიშნული. ის იყო დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სკანდალური სიაშიც შედიოდა და უზენაესში მოსამართლეობის მსურველი 139 კანდიდატს შორის არის ახლაც. ის 2007 წელს სააპელაციო სასამართლოში კლასელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა. თამარ ალანია ასევე იყო ზაქარია ქუცნაშვილის მამის, ომარ ქუცნაშვილის საქმის პროკურორიც, თუმცა ზაქარია ქუცნაშვილმა “რეზონანსთან“ არ ისურვა ამ თემაზე საუბარი. თქვა მხოლოდ ის, რომ “დაელოდება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ალანიასთან დაკავშირებით” და “როდესაც ჩათვლით საჭიროდ, მაშინ გაასაჯაროვებს პოზიციას”. დაუჭერს თუ არა ქუცნაშვილი მხარს თამარ ალანიას უვადოდ გამწესებას უზენაეს სასამართლოში და საერთოდ, „ოცნებიდან“ ვინ დაუჭერს მხარს მოსამართლეების ახალ სიას, რომელიც დიდი ალბათობით პარლამეტში უახლოეს თვეებში შევა, ჯერ უცნობია. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უზენაეს სასამართლოში 20 მოსამართლეა დასანიშნი და 20-კაციან სიაში შესაძლოა 1-2 გვარი იყოს ისეთი, რომელსაც ვერ შეედავები, მაგრამ ჯამში ეს მაინც სასამართლო კლანის და ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი სია იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“კლანის წევრები, ყველა, ისევ იქნებიან ახალ სიაში. “ოცნება” თავისი კადრების გაყვანას აუცილებლად დააპირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს მათ ძალიან ძვირი დაუჯდეს. შეიძლება ვიღაცები გახადონ მოსამართლე, იპოვონ ხმის მიმცემი 76 დეპუტატი, მაგრამ ამ ადამიანებს ფეხქვეშ მიწა უნდა ეწვოდეთ.... გარდაუვალი პროცესია, რომ საზოგადოება ამ მოსამართლეებს არ მიიღებს. როდესაც ხალხს არ უნდიხარ და ვიღაც ძალით გტენის სისტემაში, ეს არის ძალიან მოკლე დროის გამარჯვება. ჩემთვის იმას აქვს მნიშვნელობა, რომ მთავრობა ერევა სასამართლო სისტემაში და დარღვეულია ხელისუფლების განაწილების პრინციპი და ამას ვინ დაარღვევს - სააკაშვილი დაარღვევს, თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე - ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ორივე ერთნაირია მართვის სტილში. ორივე ავტორიტარულია... დეკორაციის მიზნით სიაში შეიძლება 1-2 გვარი იყოს, რომელთა მხარდაჭერაზე ადამიანები თავს არ შეიკავებენ, უბრალოდ შეიძლება არგუმენტი არ გქონდეს, რატომ არ უჭერ მხარს, დანარჩენი 18 იქნება აბსოლუტურად მიუღებელი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილი.

“მე ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, პრინციპულ პოზიციას დაიკავებენ იმ ოდიოზური და ცუდი მოსამართლეების და იმ პრინციპის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია სახელისუფლებო განაწილების პრინციპის მოშლა, რომელიც მოშალა სააკაშვილმა და ახლანდელ ხელისუფლებასაც უნდა რომ მოშალოს... ხელისუფლება ეცდება პოლიტიკურად ყველაზე მკვდარ დროს, დაახლოებით ივლის-აგვისტოში გაიტანოს ეს საკითხი და პარლამენტის რიგგარეშე სხდომებზე დაამტკიცოს მოსამართლეები. ვნახოთ, შეიძლება ვერ გააკეთონ. ჯერჯერობით პროცესი იუსტიციის საბჭოშია. როცა პარლამენტში წავა პროცესი, გაცილებით მძიმე და ხმაურიანი იქნება, იმიტომ, რომ ამ ოდიოზური მოსამართლეების არჩევა არ იქნება მარტივი ამბავი “ქართული ოცნებისთვის”. არ მიხარია, რომ ჩემმა ჯგუფმა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, ეს არჩევანი გააკეთა”, - დასძენს გოგიჩაიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო