პოლიტიკური ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობაზე ნინო ბურჯანაძემ ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი მტკიცედ და მკაფიოდ გამოკვეთა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი, რაც ნინო ბურჯანაძემ მტკიცედ და მკაფიოდ გამოკვეთა: პარტიის სახელწოდებაშიც კი, ნინო ბურჯანაძემ ის მიმართულება და მესიჯი დაგვიფიქსირა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის მისი მთავარი კოზირი იქნება. ერთიანი საქართველო - ეს გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს ხალხის, საზოგადოების ერთიანობას. მე პირადად, როდესაც გამომსვლელებს ვუსმენდი, არ დამრჩენია არც ერთი კითხვის ნიშანი, არ მიფიქრია, რომ რაღაც არასწორად იყო ნათქვამი, ან პათოსი იყო გადაჭარბებული. პირიქით, ყველა მათი მესიჯი თავისი შინაარსით არგუმენტირებული იყო.
ვფიქრობ, პარტიის გენერალური მდივანი ბურჯანაძემ ძალიან სწორად შეარჩია. გიგლა ბარამიძე საკმაოდ გონიერი ადამიანია, მას დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საჯარო მოხელის რანგში, ასევე ოპოზიციაში ყოფნის რანგში. გამოცდილებასთან ერთად, გიგლა ბარამიძეს საზოგადოებაში პოზიტიურად ახასიათებენ, სამეცნიერო წრეებში მას პატივს სცემენ და არც რიგითი მოქალაქესთვის ის არ არის გამაღიზიანებელი.
პოლიტსაბჭოს სხვა შემადგენლობას ნაკლებად ვიცნობ, მაგრამ პარტიაში როგორც ჩანს, მათ თავიანთი ღვაწლი აქვთ. ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი აქცევს ყურადღებას თუ ვინ გყავს გვერდში, ვისზე დგას პარტია. რაც შეეხება თავად ნინო ბურჯანაძეს, ის ისედაც ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. ბურჯანაძის გავლენის სფერო საკმაოდ დიდია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთს. მისი კავშირები ცნობილია, დასავლეთის პოლიტიკოსებთან. ამიტომ ეს ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ არის.
თუმცა, მე ვისურვებდი რომ ნინო ბურჯანაძემ თავისი პოზიციის ახლებურად წარმოჩენა მოახერხოს. მაგალითად, როდესაც ის ამბობს, რომ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დიალოგი არის აუცილებელი, უნდა გვაჩვენოს გზა თუ რის ხარჯზე და როგორ აწარმოებს ის ამ დიალოგს, უფრო უნდა დააკონკრეტოს მესიჯები, რომ საზოგადოება ბოლომდე დარწმუნდეს, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძე შეძლებს რუსეთს ხელიდან გამოსტაცოს წართმეული ტერიტორიები. მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს აქამდეც შეეძლო იგივე რუსეთიდან იგივე დასავლეთიდან მოეწვია საქართველოში ცნობილი ექსპერტები, პოლიტიკოსები და აქ საქართველოში მრგვალი მაგიდა გაემართა. ბურჯანაძის რანგის პოლიტიკოსს ეს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა და ეს იქნებოდა მისი პოზიციის ახლებური წარმოჩენა. ამით ის საზოგადოებას უფრო დაარწმუნებდა, რომ მას შეუძლია დიალოგისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. შეიძლება, ყრილობაზე მან შეგნებულად არ გააჟღერა ეს დეტალები და წინასაარჩევნო პროგრამაში ვიხილოთ. ყრილობამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ პარტია სერიოზულ განაცხადს აკეთებს საარჩევნოდ“, - განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.