გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს

სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა. ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმრო „პარაგრაფი“ - ს ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ანდრო ასლანიშვილმა მადლობა გადაუხადა მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებს, დაბა ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ - ს ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის და ბატონ ლაშა ხოჯავას, ქალაქ ფოთის მკვიდრს, რომელმაც გიგანტური კუ იპოვნა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა.

ღონისძიებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს