ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა კამათით დაიწყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელი სხდომა კამათით დაიწყო. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს კითხვით მიმართა, რატომ თანამშრომლობს ხელისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებთან საარჩევნო პროცესების დროს, რამაც კილაძის გაღიზიანება გამოიწვია.

მან, თავის მხრივ, ოთარ კახიძეს უპასუხა, რომ მისი მხრიდან უხერხულია ამაზე საუბარი, რადგან მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სახელმწიფო თავად იყო კრიმინალი.

„მე მგონია, რომ ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში ოპოზიცია ჩვეულებრივად აღიარებს დამარცხებას. ეს არის არჩევნები, პარტია ზოგჯერ მოიგებს, ზოგჯერ წააგებს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის ოპოზიცია აკეთებს, შეეგუეთ ამ დამარცხებას და იმუშავეთ იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ ეს შედეგები. მემგონი, აქ უადგილო და უხერხულია რაღაც ტყუილების დაბრალება „ქართულ ოცნებაზე“ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არჩევნებში ვერ მოიგეთ. ნორმალურ სახელმწიფოში, სახელმწიფო და კრიმინალი ორი ანტაგონისტური ცნებაა და ერთად ვერ მოდის, მაგრამ გაგახსენებთ თქვენს დროს, რომ სახელმწიფო თავად იყო რაღაც მიმართულებებში კრიმინალი. ამიტომ, ცოტა არ იყოს უხერხულია თქვენი მხრიდან ასეთი მოწოდებები იმ პირობებში, როცა ჩვენი ყველა არჩევნები საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც დემოკრატიული,“ - მიმართა კილაძემ ოთარ კახიძეს.

კილაძის აღნიშნულ განცხადებას კომიტეტის სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა. კახიძემ მას უპასუხა, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ადამიანები „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან ნასამართლევი და ისინი ღიად მოქმედებენ, რადგან ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„კადრები ნანახი გაქვთ? ტყუილი რა ვთქვი, უბნებთან არ იყო მობილიზებული კრიმინალური სამყარო? იქ მობილიზებული ადამიანები ანონიმურები კი არ არიან. ისინი არიან ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი ადამიანები. ეს ინფორმაცია დამალული არ არის. ისინი ღიად მოქმედებენ, რადგან თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვთ,“ - დასძინა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა