გია ხუხაშვილი - ანაკლიის სტატუსი კონსტიტუციითაა  განსაზღვრული და ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ ახდენს პორტის მშენებლობის საბოტირებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა ესაუბრა.

- ბატონო გია, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ცესკო-ს მონაცემებით მეორე ტურში მთაწმინდის ოლქში საკმაოდ დიდი აქტიურობა იყო.

თქვენ როგორც მთაწმინდელი, როგორ შეფასებდით 9 ივნისის არჩევნების შედეგებს და თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იყო თქვენს ოლქში ამომრჩევლების აქტიურობა?

- რეალურთან მეტ-ნაკლებად მიახლოებული საარჩევნო აქტივობა ჩვენ ვიხილეთ პირველ ტურში. პირველ ტურში ამომრჩეველთა 34% მივიდა არჩევნებზე. ადმინისტრაციული რესურსი გარკვეულწილად მაშინაც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ სრულად არ იყო ამოქმედებული.

პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის აქტივობაში სხვაობა იყო შედეგი არა საკუთარი ამომრჩევლის მოზიდვის, არამედ ფაქტობრივად სხვისი ამომრჩევლის იძულება, „ოცნების“ სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი

პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის აქტივობაში სხვაობა იყო შედეგი არა საკუთარი ამომრჩევლის მოზიდვის, არამედ სხვადასხვა არგუმენტებით სხვისი ამომრჩევლის ფაქტობრივად იძულება „ოცნების“ სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი.

ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლოა იყო პოზიტიური დაპირება, ზოგ შემთხვევაში დაშანტაჟება, ამის დეტალურად გარჩევას აზრი არ აქვს. ფაქტია, რომ ის სხვაობა, რომელიც პირველსა და მეორე ტურს შორის დაფიქსირდა, არ იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ფაქტობრივად, ისეთივე სურათი მივიღთ, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც არჩევნების შედეგი გადაწყვიტა არა „ოცნების“ ამომრჩეველმა, არამედ სხვისმა ამომრჩეველმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზით იძულებული გახდა საარჩევნო უბანზე მისულიყო.

- შეიძლება ითქვას, რომ მთაწმინდის არჩევნებმა, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა, რეალურად ვერ გვანახა თუ როგორია ელექტორატებს შორის ძალთა ბალანსი?

- დიახ. და ამის მიზეზი იყო ის, რომ მთაწმინდაზეც იგივე მოდელით განვითარდა პროცესები, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ე.წ. კონფორმისტულ ეპოქაში, როდესაც ამომრჩეველს არა აქვს ღირსეული არჩევანი, მაგრამ სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას გარკვეულ უპირატესობას.

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ე.წ. კონფორმისტულ ეპოქაში, როდესაც ამომრჩეველს არა აქვს ღირსეული არჩევანი, მაგრამ სწორედ ეს აძლევს ხელისუფლებას გარკვეულ უპირატესობას

ეს უპირატესობა ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი კომპონენტია რესურსების მონოპოლიზაცია. ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს და არ უშვებს იმას, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდეს ალტერნატიული ფინანსური რესურსი. მეორე კი გახლავთ ალტერნატივის კომპრომეტირების შესაძლებლობა საკმაოდ აგრესიულ სტილში.

ამომრჩეველი, რომელიც სკეპტიკლურად არის განწყობილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ და არავინ არ მოსწონს, ის ხელისუფლებისკენ გადახრაში ხედავს იმას, რომ აქედან რაღაც საკუთარი ინტერესის მიღება შეუძლია, ხოლო ალტერნატივა კი კიდევ უარესია.

ეს ორი კომპონენტი კონფორმისტებს აძლევს მორალურ გამართლებას იმისა, რომ არჩევანი მმართველი გუნდის სასარგებლოდ გააკეთოს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების შედეგები აბსოლუტურად კანონზომიერი იყო.

- შეიძლება ასე ითქვას, რომ რიგით ამომრჩეველს არც სამართლიანობა და მართლმსაჯულება ადარდებს, არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია?

- პოლიტიკური ბაზარი რიგით ამომრჩეველს ნორმალურ არჩევანს ვერ სთავაზობს. ანუ ისეთ არჩევანს, რომელიც მასში გააჩენდა ხვალინდელი დღის იმედს, ან პოზიტიური ცვლილებების იმედს.

პოლიტიკური ბაზარი რიგით ამომრჩეველს ნორმალურ არჩევანს ვერ სთავაზობს

რადგან ასეთი არავინ არ არის, რიგითი ამომრჩეველი რჩება ნეგატიური არჩევანის გაკეთების წინაშე. ან ის ხმას აძლევს იმას, ვინც ამაში იხდის. ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე. ასე იყო ზუგდიდში, მარნეულში და ასე მოხდა მთაწმინდაზეც.

- თქვენი დაკვირვებით, მთაწმინდის მეორე ტურის გაკეთილები ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის სავარაუდოდ როგორ გამოიყურება?

- მოცემულობა ასეთია - საჭიროა პოლიტიკურ ბაზარზე გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრები, რომლის კომპრომეტირება რთული იქნება.

ეს რომ მოხდეს, აუცილებელია გაჩნდეს ალტერნატიული ფინანსური რესურსი, რომელიც ამ ალტერნატიულ ცენტრებს დააფინანსებს და მათ საშუალებას მისცემს მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩაატარონ საარჩევნო კომპანია.

საჭიროა პოლიტიკურ ბაზარზე გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრები, რომლის კომპრომეტირება რთული იქნება

თუ რეალურად გვინდა ცვლილება მოხდეს ქართულ პოლიტიკაში და ამ მანკიერი წრიდან გამოვიდეთ, ეს ორი კომპონენტი უნდა გაჩნდეს. ორპოლუსიანობის, ცუდსა და ნეგატიურ არჩევანს შორის ვრჩებით. სხვაგვარად ამ დახშული წრიდან ვერ გამოვალთ.

- გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას სტუმრობა პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანიც და საინტერესიც გახლდათ.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის ფარგლებში გამართულმა დისკუსიამ?

- სრულად ეს გამოსვლა არ მინახავს, ამიტომ შემდგომ გარკვეული შთაბეჭდილება შევიქმენი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნელ-ნელა სახელისუფლებო გუნდში გუნდურობის ელემენტები გამოჩნდა.

როგორც ჩანს, ახლა სახელისუფლებო გუნდში რაღაც დაიწურა, მასში გუნდურობის ელემენტები გაჩნდა

ადრე აღმასრულებელი ხელისუფლება ეკლექტურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მეტიც, თითქოს სხვადასხვა ჯგუფებისა თუ დაჯგუფებების ინტერესებს ატარებდნენ ესა თუ ის მინისტრები, რის გამოც ეფექტურობა იყო ნულოვანი.

როგორც ჩანს, ახლა სახელისუფლებო გუნდში რაღაც დაიწურა, მასში გუნდურობის ელემენტები გაჩნდა. რაც მე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ მიქმნის, მაგრამ სახელისუფლებო გუნდი რაღაცას მაინც დაემსგავსა.

რაც შეეხება თურნავას გამოსვლას პარლამენტში, როგორც გითხარით, სრულად არ მიყურებია, ამიტომ ზოგად კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ რამე კონკრეტული გაინტერესებთ, შევეცდები გუპასუხოთ.

- აქტუალურ თემად რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა.

მინისტრი თურნავა, ისევე როგორც მთელი მთავრობა ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ ამის ფონზე „ეი პი ტერმინალ ფოთის“ გენდირექტორი კლაუს ლოურენსი უცნაურად გააქტიურდა.

როგორც ჩანს, არც ისე მარტივადაა საქმე. თქვენ რა შთაბეჭდილება ჩამოგიყალიბდათ ერთი მხრივ იმის მტკიცებაზე, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება, ხოლო მეორე მხრივ ლოურესის განცხადებებზე?

- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელისუფლების მოქმედებები ნამდვილად წინააღმდეგობრივია. ის რიტორიკის დონეზე მუდმივად გამოთქვამს ამ პროექტის მხარდაჭერას და გარკვეულწილად უჭერს კიდეც მხარს, მაგრამ ამასთანავე ირიბად ქმნის ისეთ ფონს, რომ ფაქტობრივად ახდენს ამ პროექტის ტორპედირებას.

ამაზე მეტყველებს დაწყებული ისტერიკა, თითქოს „თიბისი ბანკი“ ფულს ათეთრებდა. ეს ირიბად იყო ამ პროექტის ოპერატორის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებები.

ჩვენ არ გვყავს ისეთი მიამიტი ხელისუფლება, რომ ის ვერ ხვდებოდეს თუ როგორ აზიანებს ეს ანაკლიის პროექტის ფინანსური საკითხების დასრულებას.

ბოლო პერიოდში საერთოდ მიჩუმათდა სკანდალური საქმეები, ხელისუფლებამ აქცენტირებულად გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტის მიმართ, მაგრამ, გამოჩნდა „ეი პი ტერმინალი“, რომელიც ასევე ახდენს ანაკლიის პროექტის ტორპედირებას.

ჩვენ არ გვყავს ისეთი მიამიტი ხელისუფლება, რომ ის ვერ ხვდებოდეს თუ როგორ აზიანებს ეს ანაკლიის პროექტის ფინანსური საკითხების დასრულებას

პროფესიული წრეებისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ ფოთის პორტის გააქტიურება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინა პერიოდში მიმართული იყო არა იმისკენ, რომ თავად რაღაც გაეკეთებინათ, არამედ იმისკენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩაეშალათ.

ჩვენ, ხელისუფლებას და ამ ქვეყანაში ყველა სხვა ეკონომიკურ მოთამაშეს უნდა ესმოდეს, რომ ანაკლიის პროექტი არის კონსტიტუციური პროექტი და მისი სტატუსი განსაზღრულია საქართველოს კონსტიტუციით. ანაკლიის პორტის საბოტირების ნებისმიერი მცდელობა სისხლის სამართლის კოდექსით შეიძლება დაკვალიფიცირდეს, შესაბამისად, იგი გამოძიების საგანი უნდა იყოს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ ახდენს ანაკლიის პორტის მშენებლობის საბოტირებას.

ამ პროექტს ხელისუფლება ყველაფერში უნდა უწყობდეს ხელს გარდა ერთისა, - აბსოლუტურად არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ხელისუფლებამ კომერციული ტვირთები უნდა დააზღვიოს. ეს არ იქნებოდა სწორი.

- რაც შეეხება ფოთის პორტს...

- მიმაჩნია, რომ „ეი პი ტერმინალის“ ქმედებები არის სახიფათო და სახელმწიფოებრივად არასწორი, მე ვიზიარებ მათ წუხილს იმასთან დაკავაშირებით, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა ფოთის პორტს შეექმნას ძალიან სერიოზული პრობლემები. შესაძლოა საქმე გაკოტრებამდეც კი მივიდეს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტების პერსპექტივა ერთიან სისტემაში განიხილოს

მოვუწოდებ ხელისუფლებას ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტების პერსპექტივა ერთიან სისტემაში განიხილოს. გაითვალისწინოს ის რისკები, რაც ანაკლიის აშენების შემთხვევაში ფოთის პორტსა და ქალაქ ფოთს შეექმნება. ქალაქ ფოთის სახით ჩვენ შესაძლოა მეტად დეპრესიული რეგიონი მივიღოთ.

ერთიან სისტემაში მოქცევის შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ფოთის პორტის პროექტის ტრანსფორმაცია, ეს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოახდინოს.

ვიმეორებ, ანაკლია უნდა აშენდეს, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ამის შემდეგ რა იქნება ფოთში.

- ამ თემაზე ასეთი აზრი გამოითქმის - ხელისუფლება ცდილობს ანაკლიის მშენებლობის კორსოციუმიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის ჩამოშორებას. ანაკლია აშენდება, მაგრამ ისე, რომ მასში სრულად იქნება გათვალისწინებული „ეი პი ტერმინალის“ ინტერესი, რომლის უკან ჩხარტიშვილი და რუსეთი მოიაზრება.

ამგვარი რამ სავარაუდოდ, რამდენად შესაძლებელია?

- საქმეც ისაა, რომ ფოთის პორტის ინტერესების გათვალისწინება ვერანაირად ვერ ხდება. ანაკლია და ფოთის პორტი ერთმანეთის აშკარა კონკურენტები იქნებიან. კონკურენტების ინტერესების გათვალისწინება ძალიან გაჭირდება.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ორივეს აშენების შემთხვევაში ორივე პორტი სრული დატვირთვით იმუშავებს. ამდენი ტვირთები ფიზიკურად არ არის.

ინტერესთა სერიოზული დაპირისპირებიდან ყველაფერი უნდა გადავიყვანოთ ანაკლიისა და ფოთის პორტების განვითარების ერთიან გეგმაში

ერთადერთი გზა რჩება, ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა დაიწყოს ფოთის ეკონომიკის ტრანსფორმირება ან რაღაცნაირად ანაკლიის პროექტთან ინტეგრირება. ერთიან კონცეფციაში ისე მოქცევა, რომ ანაკლიის აშენების შემდეგ ქვეყანას ქალაქ ფოთის პრობლემა არ გაუწვავდეს.

ინტერესთა სერიოზული დაპირისპირებიდან ყველაფერი უნდა გადავიყვანოთ ანაკლიისა და ფოთის პორტების განვითარების ერთიან გეგმაში.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გადაწყდება ეს საკითხები?

- ძნელი სათქმელია. ასეა იმიტომ, რომ ბევრი ინტერესია გადახლართული, - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვადასხვა ინტერესჯგუფები მოქმედებენ. რით დასრულდება, თქმა აშკარად ჭირს.

ახლა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეათავსოს შეუთავსებელი - არც ფოთი არ დაკარგოს და ანაკლიაც სრულფასოვნად განვითარდეს. ეს არის სერიოზული ამოცანა და ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი და არა ინტრიგები და მამაძაღლობები, რასაც დღეს ვუყურებთ

თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებამ უნდა თქვას. სამწუხაროდ, არ შემიძლია იმის თქმა, რომ ხელისუფლება ამ საკითხებში ხედავს მთელ სურათს და ყველაფერს ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტოვებ იმედს, რომ კონცეპტუალურ დონეზე რაღაცას გაიაზრებენ.

ანაკლიის პორტი უკვე აღარ არის მხოლოდ საპორტო გადაზიდვები. მას კარგა ხანია მიეცა უსაფრთხოების განზომილებაც. გარდა ამისა, ამაში ასევე ჩაიდო სერიოზული ინდუსტრიული ცენტრის პოტენციალიც.

ახლა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეათავსოს შეუთავსებელი - არც ფოთი არ დაკარგოს და ანაკლიაც სრულფასოვნად განვითარდეს. ეს არის სერიოზული ამოცანა და ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი და არა ინტრიგები და მამაძაღლობები, რასაც დღეს ვუყურებთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა