სამტრედიაში ფერმერებს ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სამტრედიაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ადგილობრივ ფერმერებს დასავლეთ საქართველოსთვის პერსპექტიული მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურები, მათი მოვლა-მოყვანისა და დაცვის ღონისძიებები ცენტრის სპეციალისტებმა გააცნეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა განაცხადა, ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-შენარჩუნება მნიშვნელოვანია და მიზანიც სწორედ ეს არის.

„ჩვენი მიზანია ადგილობრივი გენოფონდის მოძიება და შენარჩუნება. უცხოური, თუნდაც ძალიან კარგი ჯიში, ისე ვერ შეეგუება ადგილობრივ ეკოსისტემას, როგორც ადგილობრივი ჯიშები. ჩვენს სადემონსტრაციო ნაკვეთზე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ადგილობრივი მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურები, მიიღონ მათ მოვლა-მოყვანაზე სრული ინფორმაცია და შემდეგ მიიღონ მათი გაშენების შესახებ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჭვავის ჯიშს „დუკატო“ დაეთმო, რომელზეც მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საქართველოში ამ კულტურის მოყვანას დიდი პერსპექტივა აქვს და მომგებიანია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჭვავის ჯიშს „დუკატო“ უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ცდის, სადაც ჯიშმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. „დუკატო“ დაავადებების მიმართ გამძლე და ჩაწოლისადმი მედეგი ჯიშია, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2,8 ტონაა. ის საუკეთესო წინამორბედია სიმინდის, სოიოსა და სხვა ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურებისთვის“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს