გიორგი ქობულია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენდირექტორის განცხადებაზე - იმ ბრძანების საქმის კურსში არ ვიყავი, რომელიც კაკაურიძემ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდეგ გამოსცა

მე იმ კონკრეტული ბრძანების საქმის კურსში არ ვიყავი, რომელიც გრიგოლ კაკაურიძემ ჩემი მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ გამოსცა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, მან როგორც უკვე აღნიშნა, კომპანიის გაფართოების სურვილის შესახებ იცოდა და მათ შორის, სხვა მინისტრების მონაწილეობით აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებიც იყო, მაგრამ ის 2 მაისს გაცემული ბრძანების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

„ის, რომ ფოთის პორტს დიდი ხანია, არა მარტო ჩვენი მთავრობის დროს, უნდა გაფართოება და რომ მე და სხვა მინისტრებს გვქონია ამაზე მათთან შეხვედრა, ეს მე თავიდანვე გითხარით, მაგრამ მე არ ვიყავი საქმის კურსში ამ კონკრეტული ბრძანების, რომელიც გრიგოლ კაკაურიძემ გამოსცა ჩემი მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ“, -აცხადებს გიორგი ქობულია.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ინფორმაციის ქონის შემთხვევაში იქნებოდა თუ არა ამ ბრძანების გაცემაზე თანახმა, ქობულია აცხადებს, რომ ახლა ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან არ იცის რა განხილვა უძღვოდა წინ ბრძანების გაცემას.

„მე ვერ გეტყვით მექნებოდა თუ არა პრობლემა ამ ბრძანების გაცემასთან დაკავშირებით, რადგან მე ყველა დეტალს არ ვფლობ. არ ვიცი რეალურად რა კონტექსტში მომზადდა ეს ბრძანება, რა ჰქონდა მას საფუძვლად, რა განხილვები და მსჯელობა იყო მისი გაცემის წინ.

სავარაუდოდ, მე რომ ვყოფილიყავი მინისტრი, ვისურვებდი, რომ ეს ბრძანება გაცემამდე ჩემთან ყოფილიყო შეთახნმებული და ალბათ იქნებოდა კიდეც“, - აცხადებს ქობულია.

მისივე თქმით, აღნიშნული ბრძანება ზოგადი და ნეიტრალურია, რომლის საფუძველზეც პორტის მშენებლობა არ დაიწყებოდა და ამ საკითხის გარშემო მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა „პოლიტიკურ თამაშს“ უკავშირდება.

„აშკარაა, რომ არანაირ „ნებართვაზე" საუბარი არ არის. საუბარია "ტექნიკურ პირობებზე მიწის გამოყენების პორტის მშენებლობისთვის", ასეთი ტიპის "ბრძანება" არის საკმაოდ ნეიტრალური, რომელიც არავის არანაირ ნებართვას არ აძლევს და სავარაუდოდ, მომზადდა, როგორც ფოთის პორტის ოფიციალური წერილის ფორმალური სავალდებულო პასუხი. შეიძლება კაკაურიძემ ამაზე მუშაობა დაიწყო ჩემი მინისტრობის პერიოდში, მაგრამ ჩემთან განხილვა და შეთანხმება ვერ მოასწრო. ჩემს დროს მოხდა მხოლოდ ინიციაცია ფოთის პორტში დაურეგისტრირებელე მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის.

რატომ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპში გასაგებია. ეს ალბათ პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი საბაბია. რა თქმა უნდა, თუ ფოთის პორტს უნდა მიწების პრივატიზაცია და გაფართოების სურვილი აქვს, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“,-აცხადებს გიორგი ქობულია.

ამასთან, ექს მინისტრის განცხადებით, პორტის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საკმაოდ გრძელი და რთული პროცესია. ნებართვის მისაღებად კომპანიას სჭირდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზაცია, შემდგომ საინჟინრო, გეოლოგიური და სხვა ტიპის რთული კვლევების ჩატარება, რომელთა ექსპერტიზის გავლის შემდგომ შეიძლება წარმოიქმნას საკითხი ნებართვის გაცემაზე.

შეგახსენებთ, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. სხვა საკითხებთან ერთად, ის საუბრობს იმაზეც, რომ მათი გეგმების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების წინა მინისტრი იყო ინფორმირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა