თსსუ-ს  ამერიკული პროგრამის პირველ გამოსაშვებ ღონისძიებაში ზაზა ფაჩულიამ მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 7 ივნისს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, „ეს მნიშვნელოვანი დღე, თსსუ-ის პროფესორ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, კურსდამთავრებულებს ემორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულების მშობლებმა, თსსუ-ის სხვა სტუდენტებმა და ცერემონიის საგანგებო სტუმარმა, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა,ზაზა ფაჩულიამ მიულოცეს“.

მსოფლიოში ცნობილი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „დეტროიტ პისტონსის“ ღირსებას იცავს, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გამოსაშვებ საღამოზე საპატიო სტუმარი გახლდათ. ზაზა ფაჩულიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და წარმატების ათი მისეული მთავარი წესი გაანდო, რომლითაც მან წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია. ზაზა ფაჩულიას მიმართვამ არა მხოლოდ სტუდენტებზე, არამედ დამსწრე საზოგადოებაზეც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გამოსაშვები ცერემონიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ზაზა ფაჩულიასთან ერთად , სტუდენტები გამოსაშვები მანტიების სიმბოლური ყელსახვევებით შემოსა და დიპლომები გადასცა.

„გამოსაშვები ცერემონიალისთვის თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები ჯორჯიის შტატიდან, ქალაქ ატლანტიდან. მათ შორის იყვნენ - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი გორდონ ჩერჩვორდი, ასოცირებული დეკანი ჯოელ ფელნერი, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუს დეკანი ნათანიელ გოზანსკი. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და დიპლომირბული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი.

გამოსაშვებ ცერემონიალზე სტუდენტებმა მათი თანაკურსელი და მეგობარი, მარიამ კაპანაძე გაიხსენეს. გარდაცვლილი სტუდენტის ხსოვნას დამსწრე საზოგადოებამ, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო. საპატიო სტუმრებმა გაიხსენეს მათი კოლეგა, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფუძემდებელი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე - კენეტ ვოლკერი. გამოსაშვები ცერემონიალის დასასრულს სტუდენტებმა პროგრამის დირექტორთან, პროფესორ ეკა ეკალაძესთან ერთად, ექიმის ფიცი დადეს და სწავლის დასრულების ნიშნად ქუდები აყარეს. თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდმა ცერემონიალის ბოლოს საქართველოს და ამერიკის ჰიმნები ცოცხლად შეასრულეს“, - აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას პირველი მიღებიდან შვიდი კურსდამთავრებული ჰყავს: ნოდარ მაისურაძე, ქეთევან ობოლაშვილი, სოფიკო გიგოლაშვილი, ემანუელ სონია, ნიკოლოზ ბოსტაშვილი, თამარ თამარაშვილი და ფეტი ონალი.

ამავე დღეს გაიმართა, ასევე, დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება, რომელზეც ფიცი 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სწავლის დამთავრება მათ თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა კონცერტით მიულოცა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში