ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2019

ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში

ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში

***

ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში

“ამ კვირაში ორი ახალი პოლიტიკური პარტია ყალიბდება. 11 ივნისს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ოფიციალურად დაბრუნდება და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს. ხოლო 12 ივნისს ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“ საზოგადოების ყველა წევრს იწვევს, ვისაც მათთან თანამშრომლობა სურს. 20 ივნისს კი პარტიის ყრილობა ჩატარდება. ვინ იქნებიან ამ ორი პარტიის წევრები, ვისთან ერთად აპირებს ბესელია და ოქრუაშვილი პოლიტიკურ ასპარეზე ახალი შემადგენლობით შემოსვლას, ოფიციალურად პარტიების პრეზენტაციის დროს გახდება ცნობილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ორი ახალი პოლიტიკური პარტია ერთ კვირაში / რომელ პოლიტიკურ ძალას წაართმევენ მხარდამჭერებს ეკა ბესელია და ირაკლი ოქრუაშვილი

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი პოლიტიკურ მოძრაობაში, სავარაუდოდ, კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძე იქნებიან. ოქრუაშვილი, პოლიტიკურ აქტიურობას სწორედ აღნიშნულ პირებთან ერთად დაუბრუნდება.„რეზონანსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ყოფილი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა. ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს ნათელი 11 ივნისს მოეფინება და ყველა კითხვაზე პასუხს პარტიის პრეზენტაციის დროს გასცემს. „მოდით, პრეზენტაციას დაველოდოთ და ყველა კითხვაზე პასუხი იქ გაეცემა. წინასწარ რაიმეზე საუბარი არ მინდა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ეს არის პოლიტიკური პარტია და მისი წევრები ვინც იქნებიან, გაიგებთ“, - განუცხადა ოქრუაშვილმა „რეზონანსს“. მან არც ის დააკონკრეტა, რომელ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს განიხილავს პოტენციურ პარტნიორებად”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კოტე კემულარია და ირაკლი ოქრუაშვილი თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. კოტე კემულარია 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო; ასევე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს ელჩი რუსეთში. ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია 11 ივნისს, „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება. რაც შეეხება ეკა ბესელიას პარტიის „სამართლიანობისთვის“ წევრებს, როგორც მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, შესაძლოა ამ პარტიაში მთავრობის ყოფილი წევრები ვიხილოთ. საუბარი იყო ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილზეც, თუმცა გედევან ფოფხაძემ, რომელიც ამავე პარტიის დამფუძნებელია, „რეზონანს“ განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და კვირკაშვილი მათ პარტიაში არ იქნება. რაც შეეხება ჩვენს კითხვას, შესაძლოა თუ არა ვიხილოთ სხვა ყოფილი მთავრობის წევრები მათ პარტიაში, ფოფხაძემ გვითხრა, რომ 20 ივნისს დაველოდოთ და ყველაფერს ნათელი ამის შემდეგ მოეფინება.„ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. 12 ივნისს საზოგადოების ყველა წევრს ვიწვევთ და თანამშრომლობას ვთვაზობთ. ვინ იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, ამას 20 ივნისის ღონისძიებაზე გაიგებს საზოგადოება”, - განაგრძობს გამოცემა.

"რა თქმა უნდა, გარკვეული კომუნიკაციები არსებობს, თუმცა ამაზე წინასწარ საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება კვირიკაშვილს, დადასტურებულად გეტყვით, რომ ის ჩვენს პარტიაში არ იქნება. დანარჩენი კი უკვე 20-ში ვნახოთ. „შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ იქნება არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ ორბიტაზე. ასევე მათ წიაღიდან წამოსულ არცერთ პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ. დანარჩენთან ყველასთან შესაძლებელია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტიის „სამართიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფოხაძე. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ პოლიტიკურ ველზე ორი ახალი პარტიის გამოჩენას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთი პარტიების ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა მივიღოთ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მსგავს პატარა პარტიების შექმნა იძლევა შანს, რომ 2020 წლისთვის პარლამენტი მრავალპარტიული გვექნება. მისი აზრით, პარტიებისთვის დაწეული 3%-იანი ბარიერი ორივე - ოქრუაშვილისაც და ეკა ბესელიას პარტიასაც მისცემს საშუალებას, რომ პარლამენტში შევიდნენ. ეს კი ქვეყნისი პოლიტიკური ველისთვის საკმაოდ ბევრის მომცემია. ხუხაშვილის აზრით, იმ მოცემულობაში, რაშიც ახლა ქვეყანა იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უფრო ბევრი პოლიტიკური პარტიები შექიმნას და მეტი კონკურენცია იყოს. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ამ ორი პარტიის პოტენციური ამომრჩეველი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც „ოცნებას“ არჩევნებზე ძალით ან სხვადასხვა დაპირების მეშვეობით მიჰყავს. მისი აზრით, „ნაციონალებს“ იმდენად სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომ მათთვის ამომრჩევლის წართმევა შეუძლებელია. ხოლო ხელისუფლების ელექტორატს რაც შეეხება, მას საერთოდ აღარ ჰყავს და არჩევნებს მხოლოდ მედროვეებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული და დაშინებული ამომრჩევლით იღებს. ეს გარემოება კი ასეთი პატარა პარტიებისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება”, - დასძენს გამოცემა.

"ახლა ქვეყანას სასაიცოცხლოდ სჭირდება ასეთი პატარა პარტიები. რაც უფრო ბევრი იქნება, მით უფრო უკეთესია, რადგანაც პარლამენტში მულტიპარტიულ წარმომადგენლობას მივიღებთ. ეს კი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ კოალიციური მთავრობა გვქონდეს. „რა თქმა უნდა, ოქრუაშვილის და ბესელიას პარტიებს ექნება შანსები, რომ 3%-იანი ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ. მე მგონია, რომ ისინი ხმებს ძირითადად მაინც „ოცნებას“ წაართმევენ და ეს ყველაზე კარგია იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებას ელექტორატი აღარ ჰყავს. ის ახლა ყველა არჩევნებს ფულით და რესურსების გამოყენებით იღებს. ვხედავთ ხალხი არჩევნებზე როგორი ფორმით მიჰყავთ. ზოგს ემუქრებიან და ზოგსაც რაღაცას პირდებიან. „ეს პარტიები ასევე შეეცდებიან, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს რაღაც სხვა ახალი შესთავაზონ. „ნაციონალებს“ რაც შეეხება, მათ ახალი პარტიები ამომრჩეველს ვერ წაართმევენ. იმდენად სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომ ეს შეუძლებელია“, -აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, რომ ასეთ პატარა პარტიებს 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ. მისი აზრით, თუ ამ პარტიების მთავარ მიზანი მხლოდ პარლამენტში მოხვედრაა, მაშინ უბრალო პარტიად დარჩებიან და საზოგადოების მხრიდან სერიოზულ მხადაჭერას ვერ მიიღებენ. ისიც საკითხავი იქნება, რეალურად შეძლებენ თუ არა დაწეული ბარიერის გადალახვას. მისივე აზრით, პოლიტიკურ ველზე ამომრჩეველი ყველას გადანაწილებული ჰყავს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი და ბესელია ზედმეტად ჩქარობენ, რადგანაც პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ არ დალაგებულა და მათ შემოდგომამდე უნდა მოეცადათ”, - წერს გამოცემა.

"ახალი პარტიების შექმნა ლოგიკურია და ცუდია-თქო, ვერ ვიტყვი. ესენი ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი მიაწოდონ და ამის მოთხოვნა, როგორც ვხედავთ, უკვე დიდი ხანია არსებობს. თუმცა, რამდენად გამოუვათ, ეს უკვე სხვა საკითხია. „მერე რა, რომ 3%-იანი ბარიერია გადასალახი. არ არის გამორიცხული, რომ ეგეც ვერ გადალახონ. უბრალოდ, პოლიტიკურ ველზე პარტიებს ყველას საკუთარი ამომრჩეველი უკვე გადანაწილებული ჰყავს. ვერ წარმომიდგენია ბესელიამ და ოქრუაშვილმა ხმები და ამომრჩეველი ვის უნდა წაართვან. „2020 წლისთვის სამი პარტიაა, რომელიც პარამენტში გარანტირებულად მოხვდება. ესაა: „ოცნება“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ ამის დიდი შანსი აქვს და არა გარანტია. ერთი ისაა, რომ ამ ახალმა პარტიებმა ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე შეიძლება იმუშაოს, თუმცა რამდენად შეძლებენ მათ დაინტერესებას ცოტა მეეჭვება. „ბესელიასაც და ოქრუაშვილსაც ამომრჩეველი კარგად იცნობს. მათ არცთუ სახარბიელო პოლიტიკური კაპიტალი გააჩნიათ. მე მგონია, რომ ძალიან ჩქარობენ და პარტია შემოდგომაზე შეექმნათ ჯობდა. პოლიტიკური პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და „ოცნებაში“ შესაძლოა ცვლილებები კიდევ იყოს. ამიტომაც ნაჩქარევი ნაბიჯი მგონია“, -აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში

„მოლდოვაში დიდი პოლიტიკური კრიზისია. მეორე დღეა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და ერთმანეთს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაყენებული პრეზიდენტ იგორ დოდონი და მისი პრორუსული პარტია და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის პროევროპული ძალა უპირისპირდებიან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგ დანიშნულ დროებით მთავრობას და მის დროებით მმართველ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან თანამშრომლობას და დაქვემდებარებას არ აპირებენ არც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად სახლში გაშვებული პარლამენტი და არც იმავე სასამართლოს მიერ გადაყენებული პრეზიდენტი იგორ დოდონი. ასევე შს სამინისტროს ხელმძღვანელობა უარს აცხადებს დაემორჩილოს პრემიერ ფილიპს და გადაყენებული პრეზიდენტის მოკავშირედ რჩება. ევროკავშირი, ნატო და აშშ დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამ კრიზისის ფონზე კი ასევე არსებობს საფრთხე, მოლდოვაში სიტუაციის ესკალაციას შეეცადოს რუსეთი, რის გამოც უკრაინამ მოლდოვის საზღვართან უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი დააწესა სპეციალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა „რადიკალურად განწყობილმა რუსებმა" არ გადაკვეთონ საზღვარი და სხვა ქვეყნის შიდა საქმეები არ არიონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ორხელისუფლებიანობა და სამოქალაქო ომის საფრთხე მოლდოვაში / „რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო კარგი შესაძლებლობა ექნება მოსკოვს, ჩაერიოს ამ პროცესში“

"მოლდოვაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ სცნო საპარლამენტო არჩევნებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ პრეზიდენტ დოდონის პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობისა და კოალიციური მთავრობის ძლივს ჩამოყალიბება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობის ჩამოსაყალიბება 90 დღის ფარგლებში უნდა მომხდარიყო და ვადის გადაცილების გამო პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მოსთხოვა. პრეზიდენტმა პარლამენტის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არდამორჩილების გამო სასამართლომ დოდონს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა პრემიერ პაველ ფილიპს, რომელმაც პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2019 წლის 6 სექტემბერი გამოაცხადა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი მმართველი ძალის, „დემოკრატიული პარტიის" წევრ პარლამენტართა მიერ იყო შეტანილი. პარლამენტის დაშლას ახლადარჩეული პარლამენტის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. დეპუტატებმა პაველ ფილიპის მთავრობა და „დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელისუფლების უზურპატორად გამოაცხადეს. მათ მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, ხოლო ოლიგარქებმა სასამართლოზე ტოტალური კონტროლი დაამყარეს, - აღნიშნავს გამოცემა.

"საგულისხმოა, რომ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 24 თებერვალს ჩატარდა. პრეზიდენტ დოდონის მხარდამჭერმა პრორუსულმა „სოციალისტურმა პარტიამ" მანდატების 1/3 მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ შესძლო. არჩევნებიდან 3 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ კი მოლდოვას პარლამენტში „სოციალისტებმა" და პროევროპულმა ბლოკმა ACUM-მა კოალიციის ჩამოყალიბებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. 8 ივნისს გამართულ საგანგებო სხდომაზე პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის" (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების პარტიის" ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს. ამ სხდომას 101 დეპუტატიდან მხოლოდ 61 ესწრებოდა. „დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადნენ. პარლამენტის სხდომა უშუქობის ფონზეც მიმდინარეობდა, რადგან ტექნიკური პერსონალი არ მივიდა. 8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, მათი განცხადებით, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა და ამიტომაც პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობისა და მმართველი ორგანოების ჩამოყალიბების უფლება არ აქვს. სწორედ ამის შემდეგ, 9 ივნისს დაინიშნა დროებითი მთავრობის მეთაურად პრემიერი პაველ ფილიპიც და მოხდა პარლამენტის დათხოვნაც. მოლდოვას კრიზისს გამოეხმაურა დასავლეთი. აშშ, ნატო და ევროკავშირი შეშფოთებით ადევნებენ თვალს მოლდოვაში შექმნილ მოვლენებს და ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით მოგვარებისკენ მოუწოდებენ, - განაგრძობს გამოცემა.

"მოლდოვის კრიზისის გამო მის მოსაზღვრე უკრაინაში გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი, თუმცა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის. უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებისთვის კონტრდაზვერვის რეჟიმი გააძლიერა. როგორც კიევი აცხადებს, რადიკალურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მოლდოვაში გადასვლა რომ არ მოხდეს. „კიშინიოვში სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, რომელიც დაკავშირებულია შიდა პროცესებში შესაძლო უცხოური ჩარევის საფრთხესთან, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვის საზღვართან გაძლიერდა კონტრდაზვერვის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის რადიკალურად განწყობილი მოქალაქეებისათვის", - ნათქვამია უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, მოლდოვაში პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობაა და ხელისუფლების შტოები ერთმანეთის ლეგიტიმურობას არ სცნობენ. „მოლდოვაში პარლამენტი არის მთავარი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. დღეს რეალურად ვინ მართავს ქვეყანას, კაციშვილმა არ იცის, შს სამინისტრო არ ემორჩილება ახალი მთავრობას და ძველი ხელისუფლების ერთგული რჩება. მინუმუმ ორი პოლიტიკური ცენტრია”, - დასძენს გამოცემა.

"აქ უკვე ორხელისუფლებიანობაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ხელისუფლების ინსტიტუტების ეროზიაზე. როცა სამინისტროები არ ემორჩილებიან მთავრობას, ეს უკვე სერიოზულ ინსტიტუციურ კრიზისზე მიუთითებს. „ამას ემატება ამომრჩევლების აპათია, რომლებიც გულაცრუებულები არიან მოლდოვურ პოლიტიკურ ელიტაზე, განსაკუთრებით დასავლური პოლიტიკური პარტიების მიმართ, იმიტომ, რომ, გვახსოვს 2-3 წლის წინ სერიოზული სკანდალი იყო კორუფციასთან დაკავშირებით, როცა 1 მლრდ დოლარი გაქრა. ეს ყველაფერი ამძაფრებს სიტუაციას. „ზუსტად არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში ამ კრიზისში იქნება ჩართული და მთელი ძირითადი ენერგია, რომელიც მიმართული უნდა იყოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და რეფორმებზე, ალბათ წავა ამ კრიზისის მოგვარებაზე. „სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან კარგი გზავნილია მოსკოვისთვის, რომელიც ისედაც ცდილობდა და ჰქონდა კიდეც გარკვეული გავლენები აქ და რაც უფრო არასტაბილური იქნება სიტუაცია, მით უფრო ადვილია მოსკოვისთვის მოლდოვაში საკუთარი დღის წესრიგის განსაზღვრა. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს იქ მხოლოდ რბილი ძალის გავლენა კი არ აქვს, არამედ მას ჰყავს მოსკოვთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტორები, რომლებიც მზად არიან მოსკოვისთვის სასარგებლო ინტერესები გაატარონ. ასევე ვიცით, რომ იქ არიან პოლიტიკური პარტიები და თვითონ პრეზიდენტიც კი, რომელიც ითვლებოდა, რომ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა. ამიტომ გამორიცხული არ არის, ეს კრიზისი კრემლისთვის დიდი საჩუქარი გამოდგეს. რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო კარგი შესაძლებლობა ექნება მოსკოვს, ჩაერიოს ამ პროცესში," - ამბობს კაკაჩია”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა