სალომე ზურაბიშვილი - უკანასკნელ მიღწევებს შორის შემიძლია დავასახელო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება

უკანასკნელ მიღწევებს შორის შემიძლია დავასახელო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის მიღება, ასევე, ანტიდისკრიმინაციული კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელსაც შესაძლებლობა მიეცა ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსულიყო, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა მოგიყვეთ ჩვენი მიღწევების შესახებ და ასევე, გავამახვილო ყურადღება გამოწვევებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ საქრთველომ 18 კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, მათ შორის ყველაზე ფუნდამენტური კონვენციების. საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც გასულ წელს მივიღეთ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ და შრომით უფლებებს უზრუნველყოფს. 26-ე პარაგრაფი უზრუნველყოფს სამუშაოს არჩევის თავისუფლებასა და სამუშაო უსაფრთხოებასა და შრომის სხვა უფლებებს, რომ შექმნან და შეუერთდნენ შრომით კავშირებს, გაფიცვისა და მეწარმეობის უფლებას. შრომის კოდექსი მუდამ უმჯობესდება, რათა ჰარმონიაში მოვიდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებთან, ევროკავშირის რეგულაციებთან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორი კანონის მიღებაზე, როგორც ბოლო წლების უმთავრეს მიღწევებზე - შრომითი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და ანტიდისკრიმინაციულ კანონებზე.

„უკანასკნელ მიღწევებს შორის შემიძლია დავასახელო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის მიღება. ის სამუშაო ადგილზე დასაქმებულის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და ეფექტურ სანქციებს აწესებს, რომლითაც შრომითი ინსპექცია სარგებლობს, იმისთვის, რომ შეიცვალოს შრომითი კულტურა. კანონი ასახავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს. ახლა ხელისუფლება მუშაობს შრომითი ინსპექციის გაძლიერებაზე, რათა დარწმუნდეს, რომ იმპლემენტაცია სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას, რომ გააუმჯობესოს შრომითი კოდექსი.

კანონი, რომელიც ემსახურება დისკრიმინაციის სრულ აღმოფხვრას და რომელიც მივიღეთ 2014 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი მოქალაქეების უფლებების უზრუნველყოფისთვის. კაცებისა და ქალებისთვის თანასწორი შესაძლებლობების მიცემა ის საკითხია, რომელიც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს და მე, როგორც საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, ამას ისე განვიხილავ, როგორც ჩემს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. კანონმდებლობა ამ მიმართულებით დახვეწას საჭიროებს, მათ შორის, ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის არსებული სხვაობის მიმართულებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი ესწრებოდა, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე მსჯელებდნენ. კონფერენცია ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა