თამარ ჩუგოშვილი - დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება ნაპასუხები

დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად მიღწეული იქნება შედეგი, რომ ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ იდენტიფიცირებული პრობლემები საბჭოს საქმიანობის თუ მართლმსაჯულების მართვის კუთხით, საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება ნაპასუხები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩუგოშვილმა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თვეების მსჯელობის და დისკუსიის შემდეგ, სამ ძირითად საკითხზე - მოსამართლეთა პასუხისმგებლობაზე, იუსტიციის სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

„ჩვენ ამ სესიის განმავლობაში საკმაოდ მძიმე საუბრები გვქონია სასამართლო სისტემის რეფორმაზე. წლის დასაწყისში დავდეთ პირობა და ვთქვით, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელმაც უნდა უპასუხოს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ღიად იყო დატოვებული, გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა, იყო იდენტიფიცირებული სხვადასხვა პირების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მხრიდან და რომელიც ემსახურება მართლმსაჯულების სისტემაში სწორი და ჯანსაღი პროცესის წარმართვას, მაქსიმალურად სწრაფად დავაინიცირებდით.

თვეების მუშაობის შედეგად, სამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მიღწეულია კონსენსუსი. საკითხებზე, როგორიც არის დისციპლინური პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში ანუ მოსამართლეთა გადაცდომისას პასუხისმგებლობის დაყენება, ასევე სასამართლო სისტემაში იუსტიციის სკოლის როლი და მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაჯანსაღებაზე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მართვის და ოპერირების წესებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ საკითხებზე შეთანხმებას და მიხარია, რომ პროექტი, რომელიც ძალიან მალე იქნება ინიცირებული, სამივე მიმართულებით პროგრესს შემოგვთავაზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ კანონპროექტის დაინიცირებასთან ერთად მიღწეული იქნება შედეგი, რომ ყველაზე მკვეთრად, მკაფიოდ იდენტიფიცირებული პრობლემები საბჭოს საქმიანობის თუ მართლმსაჯულების მართვის კუთხით არსებული პრობლემები საკანონმდებლო დონეზე სწორი ცვლილებებით იქნება ნაპასუხები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიუღებლობა აქვს, რაც არჩევნების შედეგებში გამოიხატება.

„ბევრ კომენტარს არ გავაკეთებ იმ აგრესიის, სიძულვილის და ღვარძლის ნთხევაზე, რომელსაც დღეს ამ დარბაზში ჰქონდა ადგილი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში. ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს ჩემი ციტირება გააკეთოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს. იმიტომ, რომ ადამიანებს, რომელთა გვარებიც მას მხოლოდ სმენია, მე ვიცნობ და შესაბამისად, მისი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში, ეს ისედაც მშვენივრად გამომდის“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.