ჰერპეტოლოგი - ქვეწარმავლების რიცხოვნობა მომატებული არ არის, უბრალოდ, ინფორმაცია ვრცელდება და ისეთი ფონი იქმნება, თითქოს რაღაც ხდება

ქვეწარმავლების რაოდენობისა და გამოძახებების თვალსაზრისით წელს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა განაცხადა.

მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ და არის თუ არა პანიკის საფუძველი.

„ქვეწარმავლებთან დაკავშირებით მასიური გამოძახებები იწყება ძირითადად აპრილის თვიდან, პიკს აღწევს მაისისა და ივნისის თვეში. შარშან პირველი იანვრიდან მაისის ჩათვლით 140 გამოძახება იყო, წელს - 123 გამოძახებაა იმავე მონაკვეთში. ციფრებს შორის ოდნავ არის განსხვავება, ეს იმ მიზეზით, რომ წელს ცოტა არეული გაზაფხული იყო და გვიან დაიწყო ქვეწარმავლების აქტიურობა. შესაბამისად, წელს საგანგაშო მდგომარეობა არ არის. წელს ვითარება არ არის შეცვლილი, წლევანდელი წელი ჩვეულებრივია, როგორც შარშან და შარშანწინ. ქვეწარმავლების რიცხოვნობა არ არის მომატებული, უბრალოდ, ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და იქმნება ფონი, თითქოს რაღაც განსხვავებული ხდება. ქალაქში არანაირად არ არის შეცვლილი ვითარება. გამოძახებების ჩვეულებრივი რაოდენობა გვაქვს, რაზეც რეაგირებას ვახდენთ უსწრაფესად. ქვეწარმავლები გადაადგილების დროს ხანდახან ხვდებიან ურბანულ გარემოში, ცენტრალურ უბნებში მანქანების საშუალებით, ნივთების, განსაკუთრებით, სამშენებლო მასალის გადატანის დროს. თუ ურბანულ გარემოში შეხვდებით ქვეწარმავალს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზს“, - განაცხადა ზანდუკელმა.

მან ისაუბრა შხამიანი გველების გავრცელების შესახებ და აღნიშნა, რომ საშიში დედაქალაქში ამ მხრივაც არაფერია.

„თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს და შხამიანი გველების გავრცელების არეალს, ამ პრობლემასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს. ქალაქის გარშემო ისინი არ ბინადრობენ და თუ ბინადრობენ, ძალიან შორს, შესაბამისად, მათი ბუნებრივი გზით მოხვედრა ქალაქში შეუძლებელია. თუმცა ყოველწლიურად ერთი ან ორი შემთხვევა გვქონია, რომ შხამიანი გველი მოხვედრილია ავტომობილის საშუალებით ქალაქში. ძირითადად პანიკური სიტუაციებია ხოლმე ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ იქ შხამიანი გველები არ არიან“, - აღნიშნა ზანდუკელმა.

ჰერპეტოლოგმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, თუ მას შხამიანი გველი უკბენს და როგორ უნდა გაარჩიოს შხამიანის ნაკლები უვნებელი გველის ნაკბენისგან.

„გველთან შეხვედრის დროს, ის აუცილებლად გარბის ჩვენგან. იშვიათად ის ფიქრობს, რომ მას ვერ ვხედავთ და გაუნძრევლად წევს. ასეთ შემთხვევაში მას არ უნდა მივუახლოვდეთ და არ უნდა ვეცადოთ დაჭერას, მოკვდინებას თუ ა.შ. ძირითადად ამ დროს ხდება ხოლმე დაკბენები. დაკბენის შემთხვევაში კი აუცილებელია, მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. სანამ მოვლენ, უნდა დავწვეთ, ვიყოთ გაუნძრეველ მდგომარეობაში, მივიღოთ რაც შეიძლება, ბევრი სითხე, არაალკოჰოლური, ასევე, უმჯობესი იქნება, თუ არ ვინერვიულებთ, რადგან ნერვიულობის პროცესში შხამის გადაადგილების სისწრაფე იმატებს. არ უნდა გავჭრათ ნაკბენი, არ უნდა ამოვწოვოთ, არ უნდა მოვიწვათ, არ უნდა გავიკეთოთ ლახტი. ნაკბენის გარჩევა შესაძლებელია მისი ფორმით - შხამიანი გველი კბენის დროს ორ სისხლმდენ ნახვრეტს ტოვებს, ხოლო არაშხამიანი ტოვებს მრავლობით ნაკბენებს, ბევრ ნაკბილარს, რაც სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაში ძლიერი ლოკალური ტკივილია, ცოტა ხანში თავბრუსხვევა, გულისრევა, დალურჯებები, ჩაშავებები და ა.შ. თუ ალერგიული შეტევა დაგვეწო, ანტიალერგიული საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. სასწრაფო დახმარებას გადავყავთ სპეციალურ ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ტოქსიკოლოგები ადგენენ, რამდენი შხამი შეუშვა ქვეწარმავალმა, რა ზომისა და სახეობის იყო იგი და შესაბამის მკურნალობას ნიშნავენ. 99.99% შემთხვევაში სიკვდილიანობა არ დგება“, - აღნიშნა ზანდუკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა