რას ისწავლიან აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლის კადეტები საქართველოში

აშშ-ს სამხედრო კოლეჯის, ციტადელის სასწავლებლის კადეტები საქართველოში გადამზადების სპეციალური კურსის გასავლელად იმყოფებიან.

კურსი 3 კვირა გაგრძელდება და მონაწილეებს უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალურად შემუშავებული პროგრამით მოამზადებს. სახელმწიფო უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები საქართველოში - ის საკითხებია, რომლის შესახებაც ქართველი სპეციალისტები ჯგუფთან იმუშავებენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ანდრო რურუას განცხადებით, პროგრამაში ჩართული სამხედრო კადეტები კონფლიქტურ რეგიონებშიც იმუშავებენ და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ უშუალოდ კონფლიქტურ ზონებში ვიზიტის ფორმატში შეიტყობენ.

„რამდენიმე თვის წინ გავაფორმეთ მემორანდუმი ციტადელის კოლეჯთან. ეს აშშ-ში არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი სამხედრო სწავლების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ დღეს გვეძლევა საშუალება რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმის განხორციელება დავიწყოთ,’’ - აღნიშნა ანდრო რურუამ.

გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების ფორმატში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს პარტნიორობას საქართველოს ატლანტიკური საბჭო უწევს. მისი ხელმძღვანელები პროექტში უშუალოდ არიან ჩართულები.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მუჩაიძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციტადელის სამხედრო კადეტები საქართველოში გადამზადდებიან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში არსებულ სხვა კანდიდატებს შორის ერთწლიანი შერჩევის პროცესის შედეგად შეირჩა. უნივერსიტეტის მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა და ინოვაციური სწავლების მეთოდები გადამწყვეტ კრიტერიუმებად დასახელდა შერჩევის პროცესში. საქართველოსთვის ეს უპრეცედენტო თანამშრომლობის პრაქტიკაა. ამერიკელი სამხედრო კადეტები თავიანთ საკურსო პროგრამასთან ერთად დამატებით საზაფხულო კურსს გაივლიან კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის, რუსეთის ოკუპაციის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების შესახებ.

გადამზადების ფარგლებში, სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა მხარეებს დაათვალიერებენ, მოინახულებენ საზღვრისპირა სოფლებსა და ტერიტორიებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო