გიორგი შეყრილაძე - თუ „კარდანო“ საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტს, ეს დიდი სტიმული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის

მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შემქმნელი კომპანია „კარდანო“ საქართველოში ინვესტირებით ინტერესდება. „კარდანოს“ ხელმძღვანელობა საქართველოში ვიზიტს შემდეგ კვირაში გეგმავს.

მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ქართულ პერსპექტივასა და „კარდანოს“ საქართველოთი დაინტერესების დეტალებზე „ინტერპრესნიუსს“ „კარდანოს“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი შეყრილაძე ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვარში შედგა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და "ტექნოპარკში" გამართულ ღონისძიებას- Cardano Blockchain Tbilisi ესწრებოდნენ „კარდანოს“ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერები. თუ მოჰყვა ამ სტუმრობას რაიმე კონკრეტული შედეგი ან განვითარება კომპანიის საქართველოთი დაინტერესების კუთხით?

- დიახ, „კარდანოს“ წარმომადგენლებმა მათი ამ ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებული სტუმრების სტატუსით მიგვიწვიეს ყოველწლიურ სამიტზე აშშ-ში ფლორიდაში, რომელსაც დავესწარი მე, ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) პრორექტორი შოთა ღვინეფაძე და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე. გარდა იმისა, რომ დავესწარით ფორუმს, გვქონდა პირადი შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ჩარლი ჰოსკინსონთან, რომელიც არის „კარდანოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტი ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. ჩარლი ჰოსკინსონთან არის „ეთერიუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც და იყო აღმასრულებელი დირექტორი , სწორედ მან ჩამოაყალიბა „კარდანო“ და „Input Output“ -ი, ინჟინერული კომპანიაა, რომელიც მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის საფუძველზე ქმნის სისტემას, რომლის ნაყოფია „კარდანო“- მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგია.

ამასთან, შემდეგ კვირას საქართველოში ჩამოვა „კარდანოს“ ხელმძღვანელობა. ისინი შეხვდებიან მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ეს კომპანია საქართველოს განიხილავს, როგორც პარტნიორს ინოვაციური ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

- რამ განაპირობა „კარდანოს“ საქართველოთი დაინტერესება?

- კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რამდენადაც ჩვენთან მარტივია ბიზნესის კეთება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა და ხელისუფლება ცნობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, როგორც მოწინავე ტექნოლოგიას, ქვეყანას აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მოქნილი საგადასახადო სისტემა, რაც "კარდანოსთვის" მიმზიდველობას წარმოადგენს. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განათლების აღიარება. ამასთან, მოლოდინი არაა, რომ „კარდანოს“ მხრიდან მხოლოდ ფულად- მატერიალური ხასიათის ინვესტირება მოხდება, მნიშვნელოვანია ცოდნის ინვესტირება, ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებით ბევრად მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ვიდრე ამა თუ იმ რაოდენობის ფულადი ინვესტიციის შემოსვლით ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ „კარდანო“ ინდუსტრიაში თავისი კადრებით გამოირჩევა, რომელიც ძირითადად მეცნიერებითაა დაკომპლექტებული. დაქირავებული ჰყავთ მეცნიერებათა დოქტორები ბლოკჩეინ ტექნოლოგიის, IT ტექნოლოგიის, კრიპტოგრაფიის მიმართულებით. „კარდანო“ მეცნიერული ახალი მიღწევების ტრანსფორმაციას ახდენს კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითში, რაც კიდევ უფრო ზრდის მის უნიკალურობას.

- აღნიშნეთ, რომ „კარდანო“ მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაა, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ეს და რით განსხვავდება ის წინა თაობის ტექნოლოგიებისგან?

- ნამდვილად, „კარდანო“ ავტორია მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის. „ბიტკოინი“ ითვლება პირველი თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიად. მეორე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შედეგად შეიქმნა „ეთერიუმი” სმარტ კონტრაქტების პლატფორმა, ხოლო „კარდანო“ მესამე თაობის ტექნოლოგიაა, რომლის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას. ანუ მას ყველა ის უპირატესობა აქვს, რაც მის წინამორბედებს და ამასთან, მესამე თაობის ტექნოლოგიამ გადაჭრა პრობლემა, რომელიც ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება და მაინინგის პროცესში მინიმალიზირებულია ელექტროენერგიის გამოყენება. მართალია, „კარდანო“ მესამე თაობის ტექნოლოგიებში ერთადერთი არაა, სხვა სისტემებიც არსებობს, თუმცა ბლოკჩეინ ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშე „კარდანოა“.

- რაც შეეხება ამ ტექნოლოგიის პრაქტიკაში გამოყენებას, კონკრეტულად რა მიმართულებით შეუძლია საქართველოს „კარდანოს“ სისტემის ინტეგრირება?

- „კარდანოს“ პოტენციალის გამოყენება სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელი. „კარდანო“ არ არის მხოლოდ ბლოკჩეინ სისტემა, ეს არის ფინანსური ინსტრუმენტებისა და „სმარტ კონტრაქტების“ პლატფორმა. ამ სისტემის ბაზაზე შესაძლოა განვითარდეს "სმარტ კონტრაქტების" სხვადასხვა მიმართულებები, ასევე მიწოდების ჯაჭვი, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. ამის მაგალითია სწორედ ამ კომპანიის მიერ ეთიოპიაში ყავის მიწოდების ჯაჭვის ბლოკჩეინში აღრიცხვა. კერძოდ, ყავის მოყვანის ეტაპიდან დაწყებული დასრულებული მის მომხმარებლამდე მისვლის ყველა ეტაპის აღრიცხვიანობა და რეგისტრაცია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში, სადაც შეუძლებელია ყავის წარმოშობის გაყალბება.ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივა გვაქვს ქართული ღვინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ინტეგრირების. რის მიმართ დაინტერესება თავად კომპანიამაც გამოხატა. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში განთავსებული ინფორმაციით მანიპულირება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღვინის წარმოშობის გაყალბება, ისე რომ ამის შესახებ არ გახდეს ცნობილი შეუძლებელია.

ასევე ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, იაფ ფულად რესურსებზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა, რაც ინოვაციური მიდგომაა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნები მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით არაა მაგალითი, რომელსაც დავეყრდნობით, შესაბამისად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს ქვეყანა, რომელიც შეძლებს და პირველი დანერგავს ამ ტექნოლოგიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რამდენადაც დღესდღეობით ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების დონე საკმაოდ დაბალია და ეს გამოსწორებას საჭიროებს, ამისკენ მოწოდება თავის სიტყვით გამოსვლაში გააჟღერა IMF-ის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა საქართველოში ვიზიტისას. მან აღნიშნა, რომ დროა, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარების კუთხით.

- ახსენეთ, რომ კარდანო „სმარტ კონტრაქების“ პლატფორმაა, უფრო კონკრეტულად რა პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს „სმარტ კონტრაქტებს“ ქართულ რეალობაში?

- "სმარტ კონტრაქტები" არის ძალზე ახალი, თანამედროვე არამხოლოდ ანგარიშსწორების ფორმა, არამედ საბანკო ინსტრუმენტების ალტერნატივა, როდესაც არ გვჭირდება შუამავალი. მაგალითად დღეს რომ ანგარიშსწორება განვახორციელოთ აშშ-სთან, მივაწოდოთ ან მათგან ვიყიდოთ პროდუქცია, ამ ტრანზაქციის შესრულებაში კიდევ ორი ბანკი ერთვება, ჩვენი და იმ სუბიექტის, ვისთანაც ანგარიშსწორება ხორციელდება , რაშიც ცხადია, ბანკები საკომისიოებს იღებენ, რაც ურთიერთობას აძვირებს. "სმარტ კონტრაქტი" არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის თანამედროვე გამოყენების ფორმა, რომელიც შუამავლის გარეშე მსგავსი გარიგებების დადების შესაძლებლობას იძლევა. ორი სუბიექტი სმარტ კონტრაქტის საშუალებით შეთანხმდება პირობებზე, თუ ერთი მხარე კონტრაქტის პირობებს პირნათლად ასრულებს, მეორე მხარეს არ აქვს საშუალება, რომ არ აუნაზღაუროს თანხა. პროცესი შეუქცევადია და შუამავალი აღარ არის საჭირო. შედეგად მარტივდება ოპერაციები, იზოგება დრო და ფინანსები.

ამასთან, თუ მასიურად გავრცელდა ქვეყანაში ბლოკჩეინ ტექნოლოგია, შესაძლებელი იქნება, რომ ანგარიშსწორების ფორმად იყოს გამოყენებული ელექტრონული ფული, რომელიც ბევრად უფრო მარტივია და უსაფრთხო ანგარიშსწორებაში გამოსაყენებლად, ვიდრე პლასტიკური ბარათები. ამ ტექნოლოგიით, მინიმუმ 2%-ითაა შესაძლებელი ანგარიშსწორების გაიაფება.

- დღესდღეობით რამდენად უწყობს ფეხს მსოფლიო ტენდენციებს საქართველო ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ „კარდანომ“ საქართველოში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს?

- დღეს ჩენ ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სახელმწიფოებრივ დონეზე აღიარა ბლოკჩეინ ტექნოლოგია და 2015 წელს უძრავი ქონების რეგისტრაცია განახორციელა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცნობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, ის არ ცნობს ელექტრონულ ფულს, კრიპტოვალუტას, ტოკენს, ელექტრონულ აქტივს და ა.შ, რაც შეფერხებებს ქმნის. თუ არ მოხდა საქართველოს კანონმდებლობის თანმიმდევრული განვითარება მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კუთხით მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ ჩამოვრჩებით ტექნოლოგიურ განვითარებას და ვერცერთი მაღალტექნოლოგიური კომპანია ვერ შეძლებს ქართულ ეკოსისტემაში ინტეგრირებას. ეს არა მხოლოდ სურვილია, არამედ არის რეკომენდაცია ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების, როგორიცაა IMF, IBRD. IBRD-მა ბოლო პერიოდში გააკეთა საკმაოდ სერიოზული კვლევა და შემუშავებული დოკუმენტი სახელწოდებით „გონიერი კონტრაქტები : სამართლებრივი ჩარჩო და სახელმძღვანელო მითითებები კანონმდებლებისთვის“ , სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს კანონმდებლობის ინტეგრაცია და საკანონმდებლო დონეზე „სმარტ კონტრაქტების“ აღიარება, მიაწოდა სხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც. ინტელექტუალურ პოტენციალს და პროგრესს თუ არ მივეცით ბიძგი და საკანონმდებლო მხარდაჭერა ის ვერ განვითარდება. თუ ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოში ასეთი მაღალტექნოლოგიური კომპანია შემოვიყვანოთ, ეს დიდი მიღწევა იქნება ქვეყნისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს