დავით ზალკალიანი - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან პოზიტიურად იყო აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აშშ-ში მაღალ შეფასებას აძლევს. მინისტრის განცხადებით ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და ზოგადად, მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციის სიხშირე ადასტურებს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.

„თავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ძალიან მაღალი დონის ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს, არის დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს“, -განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ და ყოვლისმომცველ დონეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ, სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული დოკუმენტი ასახავს და მოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას , დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის“, -განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს ჯონ ბოლტონს შორის, ბოლო 8 თვის განმალობაში, მესამე შეხვედრა გაიმართა, ხოლო მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრა ყოვლისმომცველი იყო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელჩ ბოლტონთან ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან საინტერესო საუბარი. თავად ბოლტონი გახლავთ უაღრესად საინტერესო მოსაუბრე. მას აქვს განსაკუთრებული ხედვა რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და თემატიკა, რომელიც განვიხილეთ, მოიცავდა ყველა მიმართულებას. რა თქმა უნდა, იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების კუთხით. ასევე ამერიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. ვისაუბრეთ ასევე შემდგომ ნაბიჯებზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. განვიხილეთ ჩვენს გარშემო სამეზობლოში შექმნილი სიტუაცია. ბუნებრივია უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები ჩვენს მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში კიდევ უფრო კონკრეტული მიმართულებით ვითანამშრომლოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები დავდოთ, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხირივი ურთიერთობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ. მხარს უჭერს საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ეს მკაფიოდ იქნა გაცხადებული სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას, რა განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას. ანუ, ეს იყო პოზიტიურ კონტექსტში დანახული, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არის შეფასებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც დადებით და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა მან ხაზი. ასევე შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პოზიტიურ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. ძალიან პოზიტიურად შეფასდა, ის გადაწყვეტილებები, რომელიც გუშინ იყო მიღებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იცით თქვენ, რომ მიღწეული კონსენსუსი სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებაში. პოზიტიურად შეფასდა პირველი, მეორე და მესამე ტალღა და გამოითქვა იმედი, რომ ის გადაწყვეტილებები, კონსენსუსი და ჩართულობა, რომელიც ასევე აღინიშნებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ყველა რჩევას, არის გარანტი იმისა, რომ მომავალში ამ თვალსაზრისით ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფე კიდევ უფრო გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომას, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარე წლის 11 ივნისს გაიმართა თანათავმჯდომარეობდა.