მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე კომენტირებისას განუცხადა, 15 ივნისის ვადა რომ გადაიწევდა, ეს 21 მაისს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზეც აღინიშნა და საკითხზე ამჟამად შიდა სამთავრობო პროცედურები მიმდინარეობს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მათ შორის არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება იმ გადავადებების სახით, რომელიც ინვესტორისთვის დაფინანსების მოსაძიებლად იყო საჭირო. ჯერ კიდევ 21 მაისს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ 15 ივნისის ვადა საკმარისი არ იყო საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის და ამ შეხვედრაზევე განვაცხადეთ და შევთანხმდით, რომ კონსორციუმი წარადგენდა მათთვის სასურველ ვადას, რომელიც მათი ხედვით ყველა ფორმალობის დასრულებისთვისაა საჭირო. კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა არის 6 თვე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შიდა სამთავრობო პროცედურებში და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გვექნება შეთანხმება გადავადებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივება სთხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განუცხადეს, მათი თხოვნა ვადების გახანგრძლივების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება. ამასთან, კონკრეტულად რამდენი ხნით გადაიწევს ფინანსური დახურვა, კონსორციუმში ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა. სწორედ ფინანსურ დახურვაზეა დამოკიდებული 4 საერთაშორისო ბანკის: EBRD, OPIC, ADB და AIIB-ის მიერ 400 მილიონ დოლარიანი დაფინანსების გამოყოფა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის.

ამასთან, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე კონსორციუმს, მთავრობასა და ინვესტორ ბანკებს შორის, 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. რომლის დასრულების შემდეგაც მხარეებმა განაცხადეს, რომ კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება შედგა და საკითხი, რომელიც კვლავ ღიად რჩება სახელმწიფოს მიერ ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევაა. როდის შედგება შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მხარეებს შორის ამჟამად უცნობია.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა