თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის - კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს ზოგიერთი

პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს ზოგიერთი პირი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის დაპირისპირებას. მისივე განცხადებით, თუკი დეპუტატები ეთიკის საბჭოს მიმართავენ, ნელ-ნელა დამკვიდრდება პრეცედენტი, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.

„ეთიკის საბჭო დაკომპლექტებულია ისე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია. უმრავლესობა საკმაოდ მცირე დოზით არის მასში წარმოდგენილი. ვეცადეთ, რომ დაკომპლექტების დროს ბალანსი შეგვენარჩუნებინა, რათა საბჭოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო. ამ საბჭოს ჩამოყალიბებაში ოპოზიციაც აქტიურად იყო ჩართული ღია მმართველობის ფარგლებში.

რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, მე ზოგადად ძალიან მაწუხებს ასეთი სცენები. ძალიან არ მინდა, რომ ჩვენი მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ხედავდეს იმას, რასაც გუშინ ყველა ერთად ვხედავდით. ეს ძალიან დამაზიანებელია ინსტიტუტის იმიჯისთვის. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ინატიტუტის იმიჯი შევქმნათ და თითოეული ასეთი გამოხტომით, ეს ნაბიჯები აზრს კარგავს იმიტომ, რომ მოსახლეობა უყურებს ამ აურზაურს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. თუ დეპუტატები მიმართავენ ეთიკის საბჭოს, ნელ- ნელა პრეცედენტი დამკვიდრდება, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და პარლამენტის სხდომათა დარბაზი ქუჩა და სახულიგნო ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, ამას თუ შეიგნებს სხვადასხვა პირი,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. ვოლსკიმ ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ბოკერიამ კი - „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდარა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა