თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - მთელ საქართველოს მოვივლი და ყველა დედას ვთხოვ, ხელი მოაწეროს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, კომისიის შექმნაზე მან უარი მიიღო, რითაც პარლამენტარებმა მისი უფლებები დაარღვიეს, ახლა კი ეცდება, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შეაგროვოს.

„150-ვე პარლამენტარის სახელზე შევიტანე წერილი კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ პირდაპირ დაარღვია ჩემი უფლებები, რადგან ყურადაც არ მიიღო ჩემი ეს მოთხოვნა. რას ვითხოვ? არ არის სასამართლო, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, რომ თქვენ მაინც, როგორმე დამიდექით გვერდში და საბოლოოდ, გავაგებინოთ ხალხს, რომ სახელმწიფოს ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული. ამაზე უარი მითხრეს. ახლა ვეცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შევაგროვო. როცა ეს ხელმოწერები იქნება, მაშინ იძულებულები გახდებიან, რომ კომისია შექმნან. მე ვითხოვ, დაისაჯონ დამნაშავეები და სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, რომელიც თვითონ ჩაიდინა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კომისია აქამდე იმიტომ არ არის შექმნილი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს არ სურს.

„ეს ისეთი ხელისუფლებაა, მას სათავეში ჰყავს ერთი ოლიგარქი და ძალიან, ძალიან ბინძური ადამიანი. ყველა მის მითითებას ასრულებს. აქამდე საპარლამენტო კომისიის შექმნაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ ეს ყველაფერი მოხდა პირდაპირ ივანიშვილის მითითებით. ბევრჯერ მითქვამს, თუ ეს კომისია შეიქმნება და გამოჩნდება, რა მოხდა და ამ ხელისუფლებას საქმე კარგად არ ექნება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით მეც და ზაზა სარალიძემაც დაინახა, რომ იქ მართლა იყო ხარვეზები, შეცდომები და ამ ხელისუფლების ჩინოვნიკების მხრიდან დაფარვა“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის განცხადებით, კომისიის შექმნა იმის საფუძველს შექმნის, რომ მისი შვილის უდანაშაულობაში ყველა დარწმუნდეს.

„მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია როცა შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თემირლანი არანაირ კავშირში არაა ტერორიზმთან. ყველა რეგიონს მოვივლი და საქართველოს ყველა მცხოვრებელს და ყველა დედას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მოაწერონ ხელი“, - განაცხადა მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხელმოწერები ზაფხულის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება და პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

პარლამენტის წინ პირველი მოხალისე, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა, სანდრა რულოვსი იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა